"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, 25 მაისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, 25 მაისი

25 მაისი, 2010

თბილისი, საქართველო – დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ანგარიში 2010 წლის 5 მაისიდან 24 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების სამ სახეობაზე ამახივლებს. ესენია: ხისტი, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”რეგიონულიკოორდინატორების და სხვა რეგიონული კონტაქტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეების და პარტიების აქტივისტების მიერ არის მოწოდებული. თითოეული ფაქტი რამდენიმე წყაროსთანაა გადამოწმებული. ამ საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით ხშირი წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობა იყო. საჯარო მოხელეები აგიტაციას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ეწეოდნენ, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს კი საერთოდ არა აქვთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების _ გურიანთის, მერიისა და ოზურგეთის რწმუნებულები სამუშაო კაბინეტებს წინასაარჩევნო შტაბებად იყენებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალა და მხარდამჭერთა სიები მათი სამუშაო ოთახების შემადგენელი ნაწილია, რასაც არც მალავენ. „მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და შვიდიანები ხომ არ მექნება [კაბინეტში]?!” - განაცხადა სოფელ ოზურგეთის რწმუნებულმა გრიგოლ ჩხაიძემ. ამავე სოფლის საბავშვო ბაღის გამგე, მადლენა ანდღულაძე ბაღის შენობაზე მხოლოდ მმართველი პარტიის პლაკატების გაკვრას მარტივად ხსნის: „ბაღს ყველაფერი „ნაციონალებმა” გაუკეთეს და ახლაც ისინი ამარაგებენ სხვადასხვა პროდუქტით. ბაღის გამგე მის კაბინეტსა და ბაღის შესასვლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსაც მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. „დიახ, ნაციონალური მოძრაობა, გამგეობა და ჩვენ ყველა ერთად ვართ შეკრული,” _ განმარტა მან. მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა გორის რაიონსა და მის სოფლებში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, ყვარელში, ოზურგეთში და გურჯაანში. მესტიაში, ყვარლის რაიონის სოფელ ქვემო ომალოში, ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს. ხარაგაულში ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლებზე ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე სოფლის რწმუნებულმა სამსახურიდან დაითხოვა. ახმეტის რაიონის სოფელ აწყურის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კი ზეწოლა განახორციელა ამავე სკოლის მასწავლებელზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ბლოკიდან „ალიანსი საქართველოსთვის”. სამომავლო საქმიანობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” განაგრძობს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს და არჩევნებამდე კიდევ ერთ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გამოაქვეყნებს საბოლოო ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა და ხარვეზი, და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები მომავალში მათი პრევენციისათვის. საკონტაქტო პირი: ნინა ხატისკაცი, პროგრამების დირექტორი 877 92 06 00 თამუნა ქაროსანიძე, მედია ცენტრის კოორდინატორი 877 71 91 07

print
elections