„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება თბილისის მერის მიერ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას, 15 აპრილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება თბილისის მერის მიერ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას, 15 აპრილი

16 აპრილი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმება თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას. ახლახან გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე civil.ge, ბატონმა გიგიმ განაცხადა: „პირადად მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა გახსნილობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის ახალი სტანდარტები დაამკვიდროს". ბატონმა გიგიმ ამ განცხადებით უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" სარგებლობს შემთხვევით და სურს ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგიერთ მნიშვენელოვან ასპექტზე გამოხატოს თავის პოზიცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღიარებს მერიის ვალდებულებას მოქალაქეების წინაშე როგორც წინასაარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში. სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ანალიზი გაგვეკეთებინა როგორც საარჩვევნო, ისე არასაარჩევნო წლებში. ასეთი მიდგომით ჩვენ შევძელით რესურსების გამოყენების ცვლილების დანახვა სხვადასხვა წლების მიხედვით და შესაბამისად, მივიღეთ ობიექტური სურათი, რომელიც ადასტურებს საარჩევნო წლებში საჯარო დანახარჯების ზრდას. სხვაგავარად შეიძლება დავასკვნათ, რომ არასაარჩევნო წლებში არასაკმარისი თანხები დაიხარჯა და მერია არჩევნებამდე გარკვეული ცვლილებების შეტანას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, საარჩევნო წლების დანახარჯები არასაარჩევნო წლების დანახარჯებზე ბევრად მეტია. მართალია, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება 2009 წლის დეკემბერში მოხდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, რომლებიც 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ დაინიშნა, ადგილობრივი არჩევნების მაისში დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება უკვე გასული წლის ივლისში გააკეთა, რამაც ხელისუფლებას საკმარისი დრო მისცა სახელმწიფო და მუნიციპალურ ბიუჯეტებში ყველა დამატებითი და მიმზიდველი სოციალური პროგრამა გაეთვალისწინებინა. ექსკლუზიურად, მხოლოდ თბილისის პენსიონერებს, 2006 და 2010 წლებში გაეზარდათ პენსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინ. მერი მართალი იყო საზოგადოებრივ სატრანსპორტო ბარათებთან დაკავშირებით – ამ მიმართულებით 2008 წელს დაახლოებით 25.9 მილიონი ლარი, 2009 წელს (არასაარჩევნო წელი) 17.6 მილიონი ლარი, ხოლო 2010 წელს კი 24.4 მილიონი ლარი გამოიყო. ჩვენ ვთხოვთ თბილისის მერს, კომენტარი სამედიცინო ვაუჩერების შესახებაც გააკეთოს. ამ მიმართულებით, 2010 წლისათვის დანახარჯების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. მაშინ, როდესაც სამედიცინო ვაუჩერებზე 2008 წელს 1.7 მილიონი ლარი, 2009 წელს კი _ 15.300 ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წლისათვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამედიცინო ვაუჩერებისათვის 2010 წლისათვის გამოყოფილი თანხა 2008 წლისთვის გამოყოფილ თანხაზე ორჯერ მეტი, ხოლო 2009 წლისთვის გამოყოფილ თანხაზე 196-ჯერ მეტია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სურს მადლობა გადაუხადოს ბატონ გიგი უგულავას მერიის გამჭვირვალობისა და გახსნილობის მზადყოფნისათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მოგვაწვდის იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" მერიისაგან გამოითხოვა და რომლის მოპოვების მცდელობებიც ჩვენთვის აქამდე წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, მერიიდან გამოთხოვილი იყო შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

  • დეტალური ინფორმაცია მერიის ბიუჯეტის, დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მერიის მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ (რამდენიმე პროექტის ჩათვლით);
  • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გამოყენებული საჯარო თანხები მერიის ახალი შენობის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებში;
  • ინფორმაცია თბილისში საგაზეთო ჯიხურების მეპატრონეების ვინაობის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მერიას მოუწოდებს გააგრძელოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია დისკუსია და ითანამშრომლოს გამჭვირვალობისა და გახსნილობის დონის ასამაღლებლად, რათა მოქალაქეებმა შესძლონ საჯარო თანხების როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდებში ხარჯვის პროცესისათვის თვალყურის მიდევნება. ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს მერიის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას.

print
elections