შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება მესტიაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება მესტიაში

16 იანვარი, 2012

მესტიაში ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების ლეგალიზების სირთულეებს ჩვენს მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ბლოგი ეხებოდა. ეს ბლოგი მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მოცულობით ხარჯებს და საჯარო რეესტრის მიერ დადგენილ აკრძალულ სარეგისტრაციო ზონებს ეძღვნება.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების ლეგალიზების ორ საფუძველს – „თვითნებური დაკავება“ და „მართლზომიერი ფლობა“. თვითნებური დაკავების (მიწის ნაკვეთის ფლობა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე) შემთხვევაში, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში შექმნილ „საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას“ გააჩნია. მართლზომიერი ფლობისას კი დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო ქვითარი, მებაღის წიგნაკი, საკომლო წიგნიდან ამონაწერი და ა.შ) და მისი რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს.

მიწის ლეგალიზების ზემოთხსენებული ორივე ფორმა დაკავშირებულია დაინტერესებული პირის მხრიდან გარკვეული ხარჯის გაღებასთან. თუ მესტიის მკვიდრი მოისურვებს მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას მართლზომიერი ფლობის მოტივით, მას სჭირდება:

1. ცნობა არქივიდან მიწის ნაკვეთის შესახებ (42 ლარი);

2. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აზომვითი ნახაზი (60 ლარი - მინიმალური გადასახადი 500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთზე); და

3. საჯარო რეესტრის და ბანკის მომსახურების საფასურის გადახდა (51 ლარი), რომელიც მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქალაქეს არ უბრუნდება.

საერთო ჯამში, მინიმუმ, 153 ლარი სჭირდება ერთი, 500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას. ადგილობრივი მოსახლეობის მწირი შემოსავლების გათვალისწინებით, ეს თანხა საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებით, მესტიის მაცხოვრებლები საძოვრების, სათიბებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სახით, მინიმუმ, 3-4 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც ერთმანეთს არ ესაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, თუ რეგისტრაციისათვის წარდგენილია რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რეგისტრაცია წარმოებს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე. შესაბამისად, ერთი ოჯახს რამდენიმე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციისას ხარჯები პირდაპირპროპორციულად ეზრდება.

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ლეგალიზების დროს, ფიზიკური პირი იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, მიწაზე ქონების გადასახადის ათმაგ ან ოცმაგ ოდენობას ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის მიხედვით განსაზღვრულ გადასახადს. ყველა შემთხვევაში, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია დაინტერესებულ პირს ბევრად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა.

მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის პარალიზებას ხელს უწყობს საჯარო რეესტრის მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დადგენილი ე.წ. „აკრძალული სარეგისტრაციო ზონები“, იგივე, „წყალს გაღმა ტერიტორია“, რომელიც მდებარეობს ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაჰყურებს მესტიის ძირითად დასახლებას და კულტურულ ძეგლებს. საჯარო რეესტრის მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებით, „წყალს გაღმა ტერიტორიაზე“ რეგისტრაციის პროცესს აფერხებს „ელექტრონული ბადის“ არარსებობა, თუმცა კანონმდებლობით ეს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

საჯარო რეესტრის მიერ მიწების საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის ლოგიკას თუ მივყვებით, „წყალს გაღმა“ ტერიტორიებზე მიწების რეგისტრაცია ყველასთვის შეუძლებელი უნდა იყოს, თუმცა, ასე როდია. სახელმწიფო ორგანოებზე და ზოგიერთ კერძო პირზე ასეთი აკრძალვები არ ვრცელდება. 2011 წლის 3 მაისს მესტიის საჯარო რეესტრმა, ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში დაარეგისტრირა „წყალს გაღმა“ ტერიტორიაზე მდებარე 11,310 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა. ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის 16 მაისიდან აღნიშნული მიწის მფლობელი შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფა“ გახდა, რომელიც ახორციელებს სამთავრობო ობიექტების მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ „წყალს გაღმა“ ტერიტორიაზე მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემა მესტიელებისთვის იხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება გარკვეულლი ობიექტის მშენებლობა ან რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ინვესტორი თანახმაა მიწის მფლობელს აუნაზღაუროს მიწის ღირებულება. სხვა შემთხვევაში „წყალს გაღმა” ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაცია ჯერ ჯერობით არ წარმოებს.

მრავალრიცხოვანი გადასახადებისა და მიწის საკუთრებაში რეგისტრაციისთვის დამატებითი, ხელოვნური ბარიერების შექმნის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად შერჩევითი სამართლის მსხვერპლი ხდება; ხანგრძლივი, გართულებული და ძვირადღირებული პროცედურების განხორციელების პროცესში ადგილობრივი მკვიდრმა შესაძლოა უეცრად აღმოაჩინოს, რომ ის მიწა, რომელზეც მას საუკუნეების მანძილზე ტრადიციული ფლობის პრეტენზია გააჩნია, სახელმწიფოს ან სულ სხვა, კერძო პირის საკუთრება გახდა

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო