შეცვლის თუ არა ახალი კანონი მედიის სფეროში არსებულ რეალობას?
ტელევიზიების მფლობელობის საკითხი საქართველოში ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჯერ–ჯერობით გაურკვეველია ისიც,რა ზეგავლენას იქონიებს მედია სივრცეში არსებულ ვითარებაზე პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტი მაუწყებლობის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. 23 ნოემბერს, ევროპის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დადებითად შეფასებისას, ასევე ხაზი გაუსვა იმ პრობლემას, რაც ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გადაჭრას. ამ პრობლემად მან მედიის თავისუფლება დაასახელა. მედიის სფეროში არსებულ პრობლემებზე მუშაობა ქრთველმა ჟურნალისტემბა დიდი ხნის წინ დაიწყეს. ჯერ კიდევ 2008 წელს სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა საგამოძიებო ფილმი გადაიღო მედიის მფლობელობის კუთხით არსებული პრობლემების შესახებ. „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ საკანონმდებლო გარემოს შეცვლაზე 2010 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა და მარტში პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „პრესის დისტრიბუციის შესახებ“. 2010 წლის სექტემბრისთვის ასოციასიამ რვა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი მოამზადა,რომელიც ითვალისწინებდა როგორც მედიის მფლობელობის და დაფინანსების საკითხების გამჭვირვალობას, ასევე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ლიცენზიის მოპოვების წესის შეცვლას და ა.შ. ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს უჭერს რეგიონალური მედიის ასოციაცია, მედია კლუბი და სხვა ჟურნალისტები. ყველანი კონსოლიდირებულნი არიან ერთი საკითხის გარშემო – მედიის სფეროში არსებული პრობლემები კომპლექსურად უნდა გადაიჭრას. ჩვენი ორგანიზაციაც დაინტერესდა მედიაში არსებული სიტუაციით და 2009 წლის ნოემბერში მომზადებულ ანგარიშში სწორედ მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის საკითხი წამოჭრა. მთავრობამ პოლიტიკური ნება მედიის კუთხით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში გამოავლინა, როდესაც პარლამენტის თავჯდომარემ ორკვირიანი ვადა მისცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კანონმდებლობის ისე შესაცვლელად, რომ მედიის მფლობელობისა და დაფინანსების საკითხები გამჭვირვალე გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის. საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი მზად იყო პარლამენტთან ეთანამშრომლა. თუმცა, 12 ნოემბერს პარლამენტის უმრავლესობამ ისე შეიტანა ახალი კანონპროექტი პარლამენტში, რომ მისი ავტორები ექსპერტთა ჯგუფს არ შეხვედრიან. იმავე დღეს, ექსპერტთა ჯგუფმაც საკანონმდებლო წინადადების სახით საკუთარი საკანონდებლო ინიციატივების პაკეტი წარუდგინა პარლამენტს. 24 ნოემბერს, კანონპროექტების შეტანიდან ორი კვირის შემდეგ, ამერიკის ეროვნული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მისი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი – ორივე „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეტანის თაობაზე კანონპროექტის“ ავტორები არიან – არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე როგორც ჟურნალისტებმა, ასევე არასამთვრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს არა მარტო მფლობელობის, არამედ სამაუწყებლო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაც და აღნიშნეს, რომ კომპლექსური მიდგომის გარეშე მედიის მდგომარეობა საქართველოში ვერ გაუმჯობესდება. ასევე გააკრიტიკეს კანონპროექის ის ნაწილი, რომელიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში მაუწყებლის მხოლოდ 10% ფლობას ითვალისწინებს. მათ ამ რიცხვის განულება მოითხოვეს, რადგან საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებობს კომპანიები, რომელთა 100% წილის მფლობელები „ცრუ მარგებლები“ არიან და რეალურად გადაწყვეტილებას სხვები იღებენ. ასე რომ იმის მტკიცება, თითქოს ამა თუ იმ მაუწყებლის 10%-იანი წილი იურიდიულ თუ კერძო პირს საშუალებას ვერ მიცემს გადაწყვეტილება მიიღოს, ჟურნალისტებმა არამართებულად ცნეს. პარლამენტარებმა კონტრარგუმენტად ის ფაქტი მოიყვანეს, რომ დასავლეთის არც ერთ ქვეყანას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის მაუწყებლობის ფლობის უფლება ჩამორთმეული არ აქვთ. 26 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დახურულ კარს მიღმა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო 28 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად განიხილა კანონპროექტი. სახალხო დამცველის პოზიცია 10% ზღვრის შესახებ ჟურნალისტების და არასამათვრობო ორგანიზაციების პოზიციას ემთხვევა. 29 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან–დემოკრატებმა" განაცხადეს მზადყოფნა, ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემოტანილ საკანონმდებლო წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სტატუსი მისცენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ კანონპროექტის დასრულებულ ვერსიაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის შენიშვნა, რაც მედია გარემოს რეალურად გააუმჯობესებს საქართველოში და მედიის მფლობელობისა და დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებს ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის დღის წესრიგიდან. სხვა შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ეს პოზიტიური ინიციატივა მხოლოდ ინიციატივად დარჩება და მედიის თავისუფლებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც მოუგვარებელი იქნება.