„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“

03 აგვისტო, 2012

თბილისი, 2012 წლის 3 აგვისტო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უახლესი კვლევა, „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“, გამოაქვეყნა. ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩო და ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე კონკურენციის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კვლევაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ბაზარზე არსებული კონკურენციის ეფექტიანი რეგულირება.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

სახელმწიფოს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ზოგადი შეფასება

  • საქართველოს ეკონომიკა ლიბერალიზაციის საკმაოდ მაღალი დონით და ფორმალური (საკანონმდებლო, ადმინისტრაციული) ბარიერების სიმცირით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, ბაზრის ზოგიერთ სეგმენტს კონცენტრაციის მაღალი ხარისხი ახასიათებს;

  • საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი სტრუქტურული პრობლემა ბაზარზე კონკურენტული გარემოს და, ზოგადად, კონკურენციის სათანადო ინსტიტუციური ჩარჩოს არარსებობით შეიძლება იყოს განპირობებული, ვინაიდან ლიბერალიზაციისა და დერეგულაციის პროცესი კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის გარეშე წარმატებული ვერ იქნება; 

  • საქართველოში კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2005 წელს გაუქმდა. შესაბამისად, კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობა აღარ ხორციელდებოდა. ყოველივე ამან ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სუბიექტების ანტიკონკურენტული ქმედებების და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები შექმნა;

  • საქართველოში ახლახან შემუშავებული კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობით შემოტანილ იქნა კონკურენციის პოლიტიკის არსებობისათვის აუცილებელი საბაზისო რეგულაციები, რაც ეკონომიკური რეფორმების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს;

  • კონკურენციის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები, რომლებზედაც კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურენციის მარეგულირებელი ნორმები არ ვრცელდება, არ შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ კონკურენცია საერთოდ გამოირიცხოს;

  • რეალურად კონკურენტული ბაზრის სტრუქტურების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბაზარზე კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე  ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება, რაც ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ნავთობპროდუქტების ბაზარი

  • ფორმალური ბარიერების სიმცირის მიუხედავად, დღეისათვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე ჩამოყალიბებულია ოლიგოპოლიური სტრუქტურა;

  • ნავთობპროდუქტების ბაზარზე შეინიშნება, ერთი მხრივ ბაზარზე მოქმედი კომპანიების რიცხვის შემცირების და, მეორე მხრივ, ფასების ზრდის ტენდენცია. 2006–2011 წლებში საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის წილი საერთო ბრუნვაში 20 პროცენტიდან 7 პროცენტამდე შემცირდა;

  • ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების დინამიკას ერთგვარი ანომალია ახასიათებს –, საერთაშორისო ბაზრებზე „პლატსის“ ფასების ზრდას ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოსდევს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე „პლატსის“ ფასების კლებისას უმეტეს შემთხვევაში ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება;

  • ნავთობპროდუქტების ბაზარზე შეინიშნება პარალელიზმი როგორც სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებულ ფასებს შორის, ისე ამ ფასების ცვლილების დროს, რაც შეიძლება ამ სუბიექტებს შორის კომერციული სტრატეგიის კოორდინირების მცდელობაზე მიუთითებდეს;

  • იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ იმ მონაცემებს შორის, რომლებიც იტალიიდან საქართველოში საწვავის იმპორტს ეხება, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. მსგავს სურათს იძლევა ბულგარეთის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემების შედარებაც.

საკვები პროდუქტების ბაზარი 

  • საქართველო მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სურსათის იმპორტზე. ამიტომ 2010 წლის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ბაზარზე კვების პროდუქტების ფასების ზრდამ საქართველოზეც მოახდინა გავლენა;

  • რადგანაც სურსათზე გაწეული ხარჯების ხვედრითი წილი სამომხმარებლო კალათაში მაღალია (2007–2009 წლებში  ეს წილი 43% იყო, ხოლო 2010­-2011 წლებში – 38,8%), მნიშვნელოვანია, რომ კვების პროდუქტების ბაზარზე არაკონკურენტული გარემო არ ახდენდეს ფასებზე გავლენას;

  • საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო ნატურალური რძის და წარმოებული ხორცპროდუქტების ოდენობა ვერ აკმაყოფილებს ქართულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. დანაკლისი იმპორტით ივსება. რძის პროდუქტების შემთხვევაში ასევე გამოიყენება რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმი;

  • რძის პროდუქტების ბაზარზე არსებულ პრობლემებს შორის პროდუქციის ფალსიფიკაციას და ეტიკეტირების წესების დარღვევას გამოყოფენ; ხორცპროდუქტების ბაზარზე კი ძირითადად პროდუქციის უვნებლობის პრობლემა გამოიყოფა. პრობლემაა ასევე ხორცპროდუქტებში საკვები დანამატების გამოყენება და მათი კონტროლის სისტემის არარსებობა;

  • ქართულ ბაზარზე ბოლო პერიოდში რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების ფასების ზრდის მკვეთრად გამოხატული დინამიკა შეინიშნება. ამასთანავე, ბაზრის წამყვანი ფირმების მიერ მიწოდებული ერთგვაროვანი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება მათი პარალელიზმის მკვეთრად გამოხატულ ტენდენციას ავლენს;

  • სურსათის ბაზარზე არსებული კონკურენციის დინამიკაზე გავლენას ახდენდა ინსტიტუციური ფაქტორები. 2004 წელს სურსათის უვნებლობის სფეროში დაწყებული რეფორმა 2006 წელს შეჩერებულ იქნა. შედეგად, აღარ არსებობდა სტაბილური სახელმწიფო ზედამხედველობა სურსათის უვნებლობაზე, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ რისკს უქმნიდა; 2009 წელს სურსათის უვნებლობის სფერო და კონკურენციის სფერო ევროკომისიამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების დაწყებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელა;

  • საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 8 მაისს მიღებული  კოდექსი წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ  კვლევაში განხილული ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილია საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, რათა განხორციელდეს კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა და შეიქმნას კონკურენციის ხელშემწყობი უკეთესი პირობები;

  • საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გაზრდის მიზნით მოხდეს კანონმდებლობის დახვეწა რათა მოხდეს ბაზრის ეფექტიანი რეგულირება;

  • კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციების ეფექტიანი გამიჯვნა;

  • საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების რაოდენობების აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ამ რაოდენობების იმპორტიორი ქვეყნების საბაჟო ორგანოების მიერ რეგისტრირებულ შესაბამის მონაცემებთან შედარების უზრუნველყოფა;

  • რეალურად კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს – ჩარევა, კონკურენტული გარემოს შეფასება და მოკვლევის დაწყება, არიან თუ არა მოცემულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები კონკურენციის მიღმა.

უფრო დეტალური დასკვნები და რეკომენდაციები ანგარიშშია მოცემული.

საკონტაქტო პირი:  ნათია კუტივაძე, ანალიტიკოსი. 
მობილური ტელეფონის ნომერი: 595 994546; ელფოსტის მისამართი: natiak@transparency.ge

კვლევა დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

print