“თბილისის განვითარების ფონდის” ლიკვიდაცია გამჭვირვალედ უნდა მოხდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“თბილისის განვითარების ფონდის” ლიკვიდაცია გამჭვირვალედ უნდა მოხდეს

17 ოქტომბერი, 2012

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერია “თბილისის განვითარების ფონდის” ლიკვიდაციას გეგმავს. „საერთაშოსრისო გამჭვირვალობა საქართველო“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობდნენ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სხვადასხვა ფონდების, მათ შორის თბილისის განვითარების ფონდის, გაუმჭვირვალე საქმოანობის შესახებ.  კითხვები ისმოდა, როგორც ფონდის გეგმების, ისე მისი ფინანსების საჯაროობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან ქალაქ თბილისის მერია და ფონდის ხელმძღვანელობა, როგორც წესი, თავს იკავებდა, რაც ეჭვის საბაბს აჩენდა. აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ფონდი ქალაქში მინდინარე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის უდიდეს ნაწილს განაგებდა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდის დამფუძნებელიც იყო, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გაუქმდა და თავისი ქონება თბილისის განვითარების ფონდს გადააბარა.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ ფონდის ლიკვიდაცია გამჭვირვალედ განხორციელდეს. პირველ რიგში სასურველი იქნება თბილისის მერიამ საზოგადოებას აცნობოს რატომ დადგა დღის წესრიგში ფონდის ლიკვიდაციის საკითხი. ვფიქრობთ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ  და კონკრეტულად რა პროექტებისთვის იხარჯებოდა ქალაქის მთავრობის მიერ ფონდში გადარიცხული საბიუჯეტო თანხები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ქონების მფლობელი იყო ფონდი ლიკვიდაციის პერიოდში და როგორ მოხდება მისი განკარგვა. იმის გამო, რომ ფონდს კონკრეტული ვალდებულებები (კეძოდ, საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულება) აქვს მოქალაქეთა ერთი ნაწილის მიმართ და მშენებლობა/რეაბილიტაცია გარკვეულ ობიექტებზე ჯერაც არ არის დასრულებული, აუცილებელია თბილისის მერიამ უახლოეს პერიოდში აცნობოს ამ მოქალაქეებს თავისი გეგმებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ.

print