„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის განცხადებებს უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოარქივის შესაძლო შენახვის თაობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის განცხადებებს უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოარქივის შესაძლო შენახვის თაობაზე

06 ივნისი, 2013

ვეხმაურებით საქართველოს პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოარქივის შესაძლო შენახვის და მისი, როგორც გამოძიებისათვის საჭირო სამხილების, გამოყენების თაობაზე.

გვსურს, შევახსენოთ საქართველოს მთავრობას მისი წარმომადგენლების, კერძოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრის, მიერ არაერთხელ გაჟღერებული პირობა, რომ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეო და აუდიომასალა, სადაც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დეტალები არის ასახული, უახლოეს მომავალში განადგურდებოდა. პირველად ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა 29 აპრილს გამართულ კონფერენციაზე „სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად“ განაცხადა, შემდეგ კი 20 მაისს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ დაადასტურა. სულ რამდენიმე დღის წინ კი, 29 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეოარქივის განადგურების შესახებ ბრიუსელში ვიზიტის დროს დადო პირობა.

გაუგებარია ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოლოდინის შექმნის შემდეგ, რით იყო გამოწვეული მთავრობის გადაწყვეტილების შესაძლო შეცვლა და აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა. მით უმეტეს, რომ ასეთი მასალის შენახვა არღვევს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ისე – საერთაშორისო პრინციპებს და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მიგვაჩნია, რომ მთავრობის ხელში ამგვარი მასალების შენარჩუნება მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების სურვილს შეიძლება ემსახურებოდეს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ უკანონოდ ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის საშუალებად.

სამწუხაროა, რომ მრავალი განცხადების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების საქმეში. ამის საპირისპიროდ, პროცესი დროში გაიწელა, რაც, თავისთავად, საზოგადოების მხრიდან ნდობის ხარისხზეც აისახება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი ვიდეოარქივის განადგურების საქმეში, ზედმიწევნით შეასრულოს ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები და დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ეფექტური გამოძიება, მომავალში გარეშე პირების მიერ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეომასალის გამოყენების აღსაკვეთად.

print
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის განცხადებებს უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოარქივის შესაძლო შენახვის თაობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.