ფოსტის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებით შესაძლოა DHL, TNT, UPS და ორმოცამდე კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ფოსტის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებით შესაძლოა DHL, TNT, UPS და ორმოცამდე კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს

15 ივლისი, 2014

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების (DHL და TNT) წარმომადგენლები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ქალბატონ ნათია მიქელაძეს 16 აპრილს შეხვდნენ. მოლაპარაკების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადამუშავებულ კანონპროექტში არ ასახა შეთანხმებული რეგულაციები:

„ფოსტის შესახებ“ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზეც. აღნიშნული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების – DHL, TNT, UPS  და ორმოცამდე კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად  იქცევა  და ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი  დატოვონ (მსგავსი შემთხვევა 2005 წელს მხოლოდ თურქმენეთში დაფიქსირდა). მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი გადამზიდავების მიერ ბაზრის დატოვება კი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება არამარტო ამ კონკრეტული სფეროსათვის, არამედ მთლიანად ეროვნული ეკონომიკისთვის.  

კანონპროექტით გათვალისწინებულია: 

1. ბაზრის მონოპოლიზაცია „საქართველოს ფოსტის“ მიერ

კანონპროექტის მიღების შედეგად „საქართველოს ფოსტას“ ეროვნული ოპერატორის სტატუსი პირდაპირ (ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე) მიენიჭება და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. კერძოდ, „საქართველოს ფოსტა“ 5 წლით ბაზრის მონოპოლისტი იქნება და სხვა ოპერატორები მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ „ქოლგის ქვეშ“ შეძლებენ თავიანთი მომსახურების მიწოდებას.

2. რეგულაციები, რომლებიც ეწინააღმდეგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს

კანონპროექტის მიღების შედეგად მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას/გაგზავნას/გადაზიდვას/ჩაბარებას, აღნიშნულის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი არ არის გამართლებული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ შეესაბამება.

3. მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფა

კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასაც, რომლის მიხედვით საფოსტო კავშირის სფეროში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა (ევროკავშირის დირექტივა 2002/39/EC) და „საფოსტო სარეზერვო მომსახურების“ არეალის გაუქმება (ევროკავშირის დირექტივა 2008/6/EC) ამ სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად არის მიჩნეული. „ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტი ეწინააღმდეგება საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის პრინციპებს ადგენს, ითვალისწინებს „უნივერსალური საფოსტო მომსახურების“ და საფოსტო მომსახურების სხვა სახეობის ბაზრების გამიჯვნას და მათ განცალკევებულ რეგულირებას.

რეკომენდაციები

მოვუწოდებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  „ფოსტის შესახებ” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე, უზრუნველყოს:

  • „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო მომსახურების სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა;

  • კანონპროექტის რეგულირების სფეროდ მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების (როგორც სახელმწიფო ვალდებულების) განსაზღვრა;

  • საფოსტო და საკურიერო მომსახურების  ბაზრის იმ სეგმენტზე, რომელიც არ მოიცავს უნივერსალური საფოსტო მომსახურების ბაზრის სეგმენტს,  ლიბერალიზებული ბაზრის მოთხოვნების შენარჩუნება და კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების აღნიშნულთან შესაბამისობაში მოყვანა;

  • უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული  ოპერატორის (კანონპროექტის მიხედვით „საქართველოს ფოსტა“) შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა.

print