კონკურენციის ანალიზი საქართველოში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2011 წლის სექტემბერში პროექტის „კონკურენციის ანალიზი საქართველოში“ განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC-ის პროგრამის ფარგლებში USAID-ის მიერ გამოყოფილი გრანტის მეშვეობით ხორციელდებოდა და 2012 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტი ფოკუსირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კონკურენციის რეგულაცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი აქტიურად განიხილებოდა დაინტერესებული მხარეების მიერ, ამ კუთხით ჩატარებული ემპირიული კველევების რაოდენობა ძალზე მწირი იყო. სწორედ ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გადაწყვიტა შეესწავლა საკითხის იურიდიული ჩარჩო საქართველოში და შეედარებინა ის მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან, შეეფასებინა მდგომარეობა ზოგიერთ ბაზარზე და დაედგინა, თუ რამდენად შეესაბამებოდა მონოპოლისტური პრაქტიკების შესახებ განცხადებები სინამდვილეს. პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამი ანალიტიკური ანგარიში და არაერთი სტატია და ბლოგ-პოსტი გამოაქვეყნა.