11 ოქტომბერი: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს
- გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში.
პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე, ისევე როგორც ამომრჩევლის ხმის ფარულობა, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება კი შესაძლოა სწორედ იმ შიშის დანერგვას ემსახურებოდეს, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზანს ემსახურებოდეს. აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ამ გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.