15 აგვისტო: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ დაჯარიმებაზე გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

15 აგვისტო: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ დაჯარიმებაზე გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას

  • 15 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ტელეკომპანია 2500 ლარით დააჯარიმა. პირველ ვიდეორგოლში მოთხრობილი იყო, როგორ უწყობს ხელს „რადიო მარნეული“ ქვეყნის ევროინტეგრაციას; მეორე ვიდეორგოლი მუსიკის ფონზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს ასახავს. კომუნიკაციების კომისიის დასკვნით,  „ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების  არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.“.

კომისიის გადაწყვეტილება გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. კომისია ეყრდნობა კანონის ზოგად ნორმას და თვითნებურად აფართოებს მისი გამოყენების სივრცეს, რათა მოიცვას პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არაწინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამგვარ აკრძალვას არ ადგენს. ეს ქმნის საშიშ პრეცედენტს დემოკრატიისთვის, რადგან ადგენს სტანდარტს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების ნებისმიერი სახის კრიტიკა აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლებში საერთოდ ნახსენებიც კი არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული სუბიექტი, ის მიმართული იყო გარკვეული პოლიტიკის კრიტიკისკენ, რისი შეზღუდვაც წარმოუდგენელია პლურალისტურ საზოგადოებაში.

print