15 ოქტომბერი: ტვ „პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტი ააშკარავებს საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და თანმხლებ დანაშაულებს
- 2024 წლის 12 ოქტომბერს ტვ „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვა საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებული კერძო კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საიდუმლო სიების შესახებ, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ ავალებენ და აიძულებენ საჯარო მოხელეებს, შეაგროვონ და მმართველ პარტიაში გადააგზავნონ მათი პირადი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები არჩევნებზე ამ პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით.
სიუჟეტში აღწერილ ფაქტებში იკვეთება სხვადასხვა სახის კანონდაღვევა მათ შორის: პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და გამოყენება; ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სიუჟეტში ასახული მასალა არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს. ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ მასალაზე ვრცლად იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება.