17 ოქტომბერი: პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრთა ნეიტრალურობა ეჭვქვეშ დგება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

17 ოქტომბერი: პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრთა ნეიტრალურობა ეჭვქვეშ დგება

  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის დამოუკიდებელი და დაკომპლექტებულია „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირებით. მეზვრიშვილმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პარტიის წევრები და მათი ნათესავები იკავებენ საარჩევნო კომისიების წევრების თანამდებობებს, როგორც საუბნო, აგრეთვე საოლქო დონეზე. მაგალითად, მარნეულში 22.01 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი, მისი შვილი წარმოადგენს ქართული ოცნების მიერ დანიშნულ ამავე კომისიის წევრს, ხოლო მისი რძალი - ამავე კომისიის მდივნის თანამდებობას იკავებს. დამატებით, ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი. გარდა მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირისა, მტკიცებულებებიდან ჩანდა, რომ ზემოაღნიშნული კომისიის წევრები არ ერიდებიან „ქართული ოცნების“ სასარგებლო ღია აგიტაციასაც.

 

ამგვარი პოლიტიკური გავლენა ეჭვქვეშ აყენებს კომისიის უნარს, იმოქმედოს მიუკერძოებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. საარჩევნო კოდექსი მკაცრად უკრძალავს ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც აგიტაციაში კომისიის თავმჯდომარეც მონაწილეობს, რომელიც ზემდგომი კომისიის მიერ, პროფესიული ნიშნით უნდა იყოს დანიშნული.

ამასთანავე საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსი მოხელეებს ყველა დონეზე უწესებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულებას, რომელიც მოითხოვს, რომ წევრებმა იმოქმედონ დამოუკიდებლად და თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. პოლიტიკური გაერთიანებებთან დაკავშირებული პირებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება არღვევს ამ პრინციპებს. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველსაყოფად. 

print