17 ოქტომბერი: რუსთავში, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ
- 17 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ გავიდა ჟურნალისტური ექსპერიმენტის ამსახველი სიუჟეტი, საიდანაც ჩანდა, რომ რუსთავში „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით დასუფთავების სამსახურის ათეულობით თანამშრომელს სამსახურის ხელმძღვანელებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვა. სიუჟეტში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აკონრეტებენ რამდენი ადამიანია ბრიგადაში და ადასტურებენ, რომ ინფორმირებულები არიან პირადობის მოწმობის ჩაბარებაზე. გარდა ამისა რუსთავის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი ადასტურებს, რომ ნამდვილად ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.
გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი აქვს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.
