19 სექტემბერი: კომუნიკაციების კომისია და სასამართლო კრიტიკულ ტელევიზიებს უსამართლოდ აჯარიმებს
- 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობისთვის, ტელეკომპანიებს „მთავარი“, „პირველი“, „ფორმულა“ ერთი კვირის განმავლობაში მეორედ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი. პირველი ოქმის საფუძველზე სასამართლომ თითოეული ტელევიზია 5000 ლარით დააჯარიმა. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, რომელიც მძიმე ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიდეორგლში გამოყენება წარმოადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის მორიგ მცდელობას.