19 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე რუსთავში
- 19 სექტემბერს რუსთავში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები და საჯარო მოსამსახურეები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალკის და მარნეულის საბავშვო ბაღები რამდენიმე საათით ადრე დაიკეტა, რომლის მიზეზიც სავარაუდოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლების პარტიულ შეხვედრაზე დასწრება იყო.
ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. გარდა ამისა საბავშვო ბაღების ნაადრევად დახურვა იმ მიზნით, რომ თანამშრომლები პარტიულ შეხვედრას დაესწრონ, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას და ამასთან მიუთითებს ამ პრობლემის სისტემურობაზე.