2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი

12 სექტემბერი, 2022

სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით შესრულება მაკროეკონომიკური რისკების შემცირების და დასახული მიზნების ეფექტიანად მიღწევის წინაპირობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ყოველ წელს აფასებს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის შესრულებას, რომ წლის განმავლობაში გამოვლენილ გამოწვევები და ხარჯვითი პროგრამების არასათანადო შესრულება თავიდან იყოს აცილებული. ამჯერად 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები შევისწავლეთ და გამოვლენილ გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შევიმუშავეთ.

I. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები

  • 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 102.7%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. საგადასახადო შემოსავლების გეგმა 100.3%-ით შესრულდა.

  • გრანტების 6 თვის გეგმა 134%-ით შესრულდა და სულ 227 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 141 მლნ ლარი უცხოური გრანტებია. უცხოური გრანტების 97% (137 მლნ ლარი)  საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. ქვეყანამ 2.5 მლნ ლარის გრანტი გერმანიის სახელმწიფო ბანკისგან მიიღო, ხოლო 1.3 მლნ ლარი - სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან.

  • შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ყველაზე დიდი წვლილი სხვა შემოსავლების გეგმის 148%-ით შესრულებამ შეიტანა. ბიუჯეტში დაგეგმილზე 222 მლნ ლარით მეტი შევიდა, რაც ძირითადად ეროვნული ბანკისგან მიღებული 356 მლნ ლარის შემოსავლითაა განპირობებული.

  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.6%-ით შესრულდა და სულ ბიუჯეტიდან 8.8 მლრდ ლარი დაიხარჯა. ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა - 99.7%, სულ დაიხარჯა 3 მლრდ ლარი.

  • 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქონლის და მომსახურების - 16%-ით. შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდამ განაპირობა.

  • 2022 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ ლარით (55%-ით) მეტია.

  • 2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 9.6 მლნ ლარით ჩამორჩება. პანდემიამდე, 2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

  • სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 1,002 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 373 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.

  • 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 28.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 42.5%-ია. 2022 წლის 6 თვეში მთავრობამ 1,225 მლნ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 503 მლნ ლარის ვალი დაფარა. 

  • სამინისტროებიდან გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - 75.9% იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რაც ძირითადად პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი დაფინანსების 23.4%-ით ათვისებამ განაპირობა.

  • 6 თვის გეგმაზე მეტი (105 მლნ ლარით) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა. გეგმაზე მეტის ხარჯვა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის პროგრამის 6 თვის გეგმის 125%-ით შესრულებამ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის 105%-ით შესრულებამ განაპირობა.

  • ბიუჯეტის 17 პროგრამის 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 5 პროგრამაზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა. ეს პროგრამებია: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი.

  • მსხვილი პროგრამებიდან, რომელთა გეგმაც დაბალი მაჩვენებლით შესრულდა, აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, რომელზეც 22.2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და 38%-ით შესრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამაზე - ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებაზე 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და 45.9%-ით შესრულდა.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროგრამაზე 6 თვეში 760.5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და 165.9 ათასი დაიხარჯა. ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, განხორციელდა ახალი ინვესტორის შესარჩევად მოსამზადებელი სამუშაოები, მომზადდა ახალი ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებისა და გამოცხადების პროცესის დაწყების მიზნით საჭირო დოკუმენტაცია.

  • 6 თვის ფაქტობრივი ხარჯვა აჩვენებს, რომ COVID-19-ის მართვის პროგრამაზე (პაციენტების მკურნალობა, ვაქცინაცია და სხვა) წელს გამოყოფილი 500 მლნ ლარი არასაკმარისი იქნება. 31 აგვისტოს მონაცემებით 465 მლნ ლარია უკვე დახარჯული აღნიშნულ პროგრამაზე და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 200 მლნ ლარამდე დამატება დასჭირდება.

რეკომენდაციები:

  • მთავრობამ გეგმიურთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი წლის ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს. ბიუჯეტის გაზრდილი შემოსულობების ნაწილი მომავალ წლებში შეიძლება გამოიყენოს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე: შეამცირებს მთავრობის ვალის ტვირთს, ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას;

  • ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით;

  • უნდა გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვა და მართვა, ვინაიდან, წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, ჯანმრთელობის დაცვის გარკვეულ ქვეპროგრამებზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს დაგეგმილ მაჩვენებლებს;

  • უნდა ამაღლდეს საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებლები, განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც 6 თვის გეგმის შესრულება 50%-ზე ნაკლებია. საინვესტიციო კრედიტები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლის მნიშვნელოვანი წყაროა და ამავე დროს, ქვეყნის სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული.

 

II. ბიუჯეტის შემოსულობები

საქართველოს მთავრობა 2022 წლისთვის ეკონომიკის 6%-ით რეალურ ზრდას პროგნოზირებს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა და სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად გაზრდის. ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდა ძირითადად ექსპორტის ზრდის მაღალმა ტემპმა, ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენამ, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდამ და ბიზნესზე პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრულად მოხსნამ განაპირობა.

ვინაიდან ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა. კერძოდ, შემოსულობების 6 თვის გეგმა 8,885 მლნ ლარი იყო, ფაქტობრივად კი ბიუჯეტში 2.7%-ით (238 მლნ ლარით) მეტი, 9,124 მლნ ლარი შევიდა.

ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლების გეგმა 100.3%-ით შესრულდა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის გამო, საშემოსავლო, მოგების, დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადის გეგმები მნიშვნელოვანი გადაჭარბებით (112%-ით) შესრულდა და ბიუჯეტში დაგეგმილზე 643 მლნ ლარით მეტი შევიდა. აქციზის გადასახადის გეგმა 100%-ით შესრულდა. რაც შეეხება სხვა გადასახადების მუხლს, რომელიც ზედმეტად გადახდილ და უკან დასაბრუნებელ გადასახადებს მოიცავს, დაგეგმილი 418 მლნ ლარის შემოსავლის ნაცვლად, ამ კუთხით ბიუჯეტმა 205 მლნ ლარით ნაკლები მიიღო და გეგმა -49%-ით შესრულდა. მთავრობამ გაცილებით მეტი გადასახადი დააბრუნა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. სწორედ ეს გახდა უარყოფითი მაჩვენებლის მიზეზი. 

გრანტების 6 თვის გეგმა 134%-ით შესრულდა. კერძოდ, ბიუჯეტში დაგეგმილზე 58 მლნ ლარით მეტი გრანტი შევიდა და სულ 227 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 141 მლნ ლარი უცხოური გრანტებია, ხოლო 86 მლნ ლარი - ცენტრალური მთავრობის სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მიღებული შემოსავალი. უცხოური გრანტების 97% (137 მლნ ლარი) საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. 2.5 მლნ ლარი გერმანიის სახელმწიფო ბანკისგან, ხოლო 1.3 მლნ ლარი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან მიიღო.

შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ყველაზე დიდი წვლილი სხვა შემოსავლების გეგმის 148%-ით შესრულებამ შეიტანა. ამ წყაროდან ბიუჯეტში დაგეგმილზე 222 მლნ ლარით მეტი შევიდა. სხვა შემოსავლები სახელმწიფო საკუთრებიდან მისაღებ სარგებელს, დივიდენდს, რენტას და ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს, ჯარიმებს და ტრანსფერებს მოიცავს. ყველაზე მაღალი გადაჭარბება დივიდენდებშია - 149 მლნ ლარი, რაც ეროვნული ბანკისგან მიღებული 356 მლნ ლარის შემოსავლითაა განპირობებული. საპროცენტო სარგებლის სახით ბიუჯეტში დაგეგმილზე 20 მლნ ლარით მეტი შევიდა, ჯარიმებიდან კი - 9 მლნ ლარით მეტი.

არაფინანსური აქტივების კლების, იგივე პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 112%-ით შესრულდა და ბიუჯეტში 118 მლნ ლარის ნაცვლად 132 მლნ ლარი შევიდა.

ფინანსური აქტივების კლების, ანუ წინა წლებში გასესხებული თანხების დაბრუნების 6 თვის გეგმა 117%-ით შესრულდა და 87 მლნ ლარის სესხი დაბრუნდა.

შემოსულობები მოიცავს მთავრობის მიერ ვალის აღებასაც. მთავრობამ წლის პირველ ნახევარში 1,225 მლნ ლარის ვალი აიღო, რაც 6 თვის გეგმის 93%-ია. 1,225 მლნ ლარიდან 432 მლნ ლარი საშინაო ვალია, ხოლო 793 მლნ ლარი საგარეო. საშინაო ვალის აღების 6 თვის გეგმა 96%-ით შესრულდა, ხოლო საგარეო ვალის 92%-ით. საგარეო ვალში ჩამორჩენა გრძელვადიან საინვესტიციო შეღავათიან კრედიტებში იყო, რომლის გეგმა 88.4%-ით შესრულდა.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2.7%-ით, 256 მლნ ლარით შემცირდა. კლება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პანდემიის გამო, გასული წლის პირველ ნახევარში მთავრობამ 3.5 მლრდ ლარის ვალი აიღო, რაც შემოსულობების ნაწილია. 2022 წლის პირველ ნახევარში კი 1.2 მლრდ ლარის ვალი აიღო. შემოსულობების მთავარ წყაროს - საგადასახადო შემოსავლებს თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, წელს იგი 1.8 მლრდ ლარით არის გაზრდილი.

III. ბიუჯეტის გადასახდელები

2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.6%-ით შესრულდა და გეგმაზე 307 მლნ ლარით ნაკლები, 8.8 მლრდ ლარი დაიხარჯა.

გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლის - ხარჯების 6 თვის გეგმაც 96.6%-ით შესრულდა და 7 მლრდ ლარი შეადგინა. ხარჯებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 86.1%-ით ადგილობრივ თვითმმართველობებზე გასაცემი გრანტების გეგმა შესრულდა.

ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი (99.7%) სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ჯანდაცვის ხარჯებსაც მოიცავს, რომლის პროგრამებიც მაღალი მაჩვენებლით შესრულდა, მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 100%-ით შესრულდა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა კი - 112.4%-ით.

2022 წლის პირველ 6 თვეში ადმინისტრაციულმა ხარჯებმა, რომელიც შრომის ანაზღაურებას და საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, 1.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 4.6%-ით ნაკლებია. შრომის ანაზღაურებაზე 866 მლნ ლარი დაიხარჯა (გეგმის 97.5%), ხოლო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე 877 მლნ ლარი (გეგმის 93.3%). 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქონლის და მომსახურების - 16%-ით. შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდამ განაპირობა.

საინტერესოა საქონლისა და მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯების ჩაშლილად ნახვა. აღნიშნული ხარჯების ზრდა ყველაზე მეტად შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე გაწეულმა ხარჯმა განაპირობა. 2022 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშეების შრომის ანაზღაურებაზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ ლარით (55%-ით) მეტია.

საქონელსა და მომსახურებაში შემავალი სხვა ხარჯებიდან, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოფისის ხარჯები (35.5 მლნ ლარით) და ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის  მოვლა-შენახვის ხარჯები (16.7 მლნ ლარით).

2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 9.6 მლნ ლარით ჩამორჩება. პანდემიამდე, 2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა. 2020-2022 წლებში მივლინების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

გადასახდელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, არაფინანსური აქტივების ზრდის, იგივე კაპიტალური ხარჯების 6 თვის გეგმა 101.6%-ით შესრულდა და მასზე 1.2 მლრდ ლარამდე დაიხარჯა. 2021 წლის 6 თვის კაპიტალურ ხარჯებთან შედარებით, 2022 წელს 11%-ით მეტი დაიხარჯა.

ფინანსური აქტივების ზრდის 6 თვის გეგმა კი 54.5%-ით შესრულდა. კერძოდ, მთავრობამ 87.5 მლნ ლარის სესხი გასცა, ნაცვლად დაგეგმილი 161 მლნ ლარისა.

გადასახდელების ბოლო მუხლი მთავრობის ვალის ძირის დაფარვაა. 6 თვეში 503 მლნ ლარის ვალი დაიფარა, რაც გეგმის 99%-ია. აქედან, 25 მლნ ლარის საშინაო ვალი დაიფარა, ხოლო 478 მლნ ლარის - საგარეო ვალი.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 12.6%-ით, 1,270 მლნ ლარით შემცირდა. კლება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ გასული წლის პირველ ნახევარში მთავრობამ 2.2 მლრდ ლარის ვალი გაისტუმრა, წელს კი - მხოლოდ 503 მლნ ლარის. გადასახდელების ყველაზე მსხვილ მუხლს - ხარჯებს თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, იგი წელს 470 მლნ ლარით არის გაზრდილი.

IV. ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 1,002 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 629 მლნ ლარით ნაკლები, 373 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა. 2022 წლისთვის წლიური (12 თვის) ბიუჯეტის დეფიციტი 2.9 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი.

ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ მთავრობის მიერ ასაღები ვალის მოცულობის შემცირება გამოიწვია, თუმცა არა 629 მლნ ლარით (რა თანხითაც დეფიციტი შემცირდა). მთავრობამ დაგეგმილზე 88 მლნ ლარით ნაკლები ახალი ვალი აიღო, რადგან დაგეგმილი დაფინანსების 93% მაინც მოიზიდა და ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხა გაზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის ხარჯები ნაშთიდან 197 მლნ ლარით უნდა დაფინანსებულიყო, რისი საჭიროებაც აღარ დადგა და მთავრობამ პირიქით, ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხა 348 მლნ ლარით გაზარდა. ანუ, მთავრობამ ახალი ვალის ნაწილი ნაშთის ზრდისთვის აიღო და ამ თანხის ნაწილს, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში გამოიყენებს.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 29.8 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 49.5% იყო. 2022 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 28.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 42.5%-ია. მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის მნიშვნელოვანი კლება (7% პუნქტით) ლარში გამოხატული ვალის შემცირებასთან ერთად, იანვარ-ივნისში დაფიქსირებულმა 10.5%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ და მაღალმა ინფლაციამ (12.8%) განაპირობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში მთავრობამ 722 მლნ ლარის ახალი ვალი აიღო, ეროვნული ვალუტის გამყარების გამო ლარში გამოსახული მთავრობის ვალი შემცირდა. 2021 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 7.7 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (3.10) 24 მლრდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 7.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ იანვარ-ივნისში 268 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, თუმცა, ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი გაცილებით მეტად, 2.1 მლრდ ლარით შემცირდა.

2022 წლის ბოლომდე მთავრობას 4.3 მლრდ ლარის ვალის აღება აქვს დაგეგმილი, მაგრამ ამავე დროს 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 3.1 მლრდ ლარით უნდა გაიზარდოს. თუმცა, ბიუჯეტში მოსალოდნელზე მეტი შემოსავლების მიღების გამო, შესაძლოა, მთავრობამ დაგეგმილზე ნაკლები ვალი აიღოს. 

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

V. შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში მხარჯავი დაწესებულებებიდან ათმა უწყებამ გეგმასთან შედარებით 80%-ზე ნაკლები თანხა აითვისა. მათ შორის, გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - გეგმის 55.7% - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დახარჯა. შემდეგ მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო - გეგმის 57.6%-იანი შესრულებით და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი - გეგმის 67.7%-იანი შესრულებით.

ბიუჯეტის ხარჯების (ვალის მომსახურების გამოკლებით) 88% სამინისტროებზე მოდის. შესაბამისად, მათი ხარჯვა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების გეგმის შესრულებას. არსებული 11 სამინისტროდან 6 თვის გეგმაზე მეტი თანხა მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გეგმა 100%-ით შეასრულა, ხოლო დანარჩენი 9 სამინისტროს ხარჯი გეგმით გათვალისწინებულზე ნაკლები იყო. 

სამინისტროებიდან გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - 75.9% - იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა (40 მლნ ლარით ნაკლები), რაც  ძირითადად პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი დაფინანსების (20 მლნ ლარი) 23.4%-ით ათვისებამ და პოლიტიკის შემუშავების და მართვის პროგრამის (27 მლნ ლარი) 59%-ით შესრულებამ განაპირობა. 80.1%-ით შესრულდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 6 თვის ხარჯების გეგმა. გეგმასთან მიმართებით ამ სამინისტროს ფაქტობრივმა ხარჯმა 83 მლნ ლარით ნაკლები შეადგინა. უფრო კონკრეტულად, გეგმაზე 30 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა მეწარმეობის განვითარების პროგრამაზე და 29 მლნ ლარით ნაკლები - სახელმწიფო ქონების მართვის პროგრამაზე. მეწარმეობის განვითარების პროგრამა ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის კომპონენტებს მოიცავს, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის პროგრამა კი - ქონების მოვლა-პატრონობას, დაცვას, პრივატიზების დაგეგმვას და განხორციელებას.

როგორც აღვნიშნეთ, 6 თვის გეგმაზე მეტი (105 მლნ ლარით) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის პროგრამის 6 თვის გეგმის 125%-ით შესრულებამ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამის 105%-ით შესრულებამ განაპირობა. აღნიშნულ ორ პროგრამაზე დაგეგმილზე 101 მლნ ლარით მეტი, ჯამში 607 მლნ ლარი დაიხარჯა.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ცხრილი 3-ში მოცემულია ის პროგრამები და ქვეპროგრამები, რომელთა 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა. 0%-ით შესრულდა ანუ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა 5 ქვეპროგრამაზე. ამათგან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი (47 მლნ ლარი) თბილისის მეტროს პროექტია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. შემდეგ მოდის თბილისის ავტობუსების პროექტი (23.8 მლნ ლარი), რომელიც იმავე ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ასევე, თანხა არ დახარჯულა თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამაზე, რომლის 6 თვის ბიუჯეტი 9 მლნ ლარი იყო, 12 თვეზე კი 18 მლნ ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროგრამა საჰაერო თავდაცვის დაფინანსებას მოიცავს. საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნულ 5 პროგრამაზე 31 აგვისტოს მდგომარეობითაც არ იყო თანხა დახარჯული.

შედარებით მსხვილი პროგრამებიდან, რომელთა 6 თვის გეგმაც 50%-ზე დაბალი მაჩვენებლით შესრულდა, აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, რომელზეც 22.2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და 38%-ით შესრულდა. აღნიშნულ პროგრამას უშუალოდ სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამაზე - ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებაზე 6 თვეში 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომლის მხოლოდ 45.9% დაიხარჯა. აღნიშნული ქვეპროგრამა მსოფლიო ბანკის (World Bank) დაფინანსებით ხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროგრამაზე, რომელსაც სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს, 6 თვეში 761 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა იგი მხოლოდ 21.8%-ით შესრულდა. პროგრამის მიზანი ტენდერის შედეგად ახალი ინვესტორის გამოვლენა, მოლაპარაკებების წარმოება და საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებაა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, ახალი ინვესტორის შესარჩევად მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა, მათ შორის სრულმასშტაბიანი კვლევა ანაკლიის პორტის პოტენციური ტვირთბრუნვის შესწავლის მიზნით. მომზადდა ახალი ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებისა და გამოცხადების პროცესის დაწყების მიზნით საჭირო დოკუმენტაცია.

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ფაქტობრივი ხარჯვა აჩვენებს, რომ COVID-19-ის მართვის პროგრამაზე (პაციენტების მკურნალობა, ვაქცინაცია და სხვა) წელს გამოყოფილი 500 მლნ ლარი არასაკმარისი იქნება. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში აღნიშნულ პროგრამაზე 394 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. მოგვიანებით 6 თვის გეგმა 425.5 მლნ ლარამდე გაიზარდა, ფაქტობრივად კი 416.1 მლნ ლარი დაიხარჯა.  31 აგვისტოს მონაცემებით კი, ამ პროგრამაზე უკვე 465 მლნ ლარია დახარჯული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამას წლის ბოლომდე დაახლოებით 200 მლნ ლარის დამატება შეიძლება დასჭირდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გასული წლის ოქტომბერში საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც ვწერდით, რომ 2022 წელს COVID-19-ის მართვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა არასაკმარისია და ამ მიმართულებით ასობით მლნ ლარით მეტი იქნებოდა საჭირო. თუმცა, მაშინ მთავრობამ ჩვენი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

print