676 მლნ ლარი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ კომპანიებს - ვინ აგებს გზებს სამეგრელო-ზემო სვანეთში? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

676 მლნ ლარი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ კომპანიებს - ვინ აგებს გზებს სამეგრელო-ზემო სვანეთში?

01 ივლისი, 2024

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ იმ საგზაო კომპანიების მიმოხილვას, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ. კომპანიები ძირითადად სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. მათი ნაწილი  დაკავშირებულია მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან. ასევე არიან პოლიტიკური შემწირველებიც.

  • მიმოხილვაში ჩამოთვლილი კომპანიები ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქმიანობენ. ყველა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში  676,623,524 ლარის კონტრაქტები მიიღო;
  • შპს „საგზაომ“, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ამ დრომდე 76,813,353 ლარის შესყიდვები მიიღო. შპს-ს ამჟამინდელი მფლობელი კახაბერ უბილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო. 
  • საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერებს იგებს კახაბერ უბილავას სიძე, დავით სიჭინავაც, რომელიც შპს “საგზაოში” უბილავას მოსვლამდე ფლობდა მის 100% წილს და ამავდროულად 2013-2022 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში. ამ პერიოდში მან 57,188,154 ლარის 54 ტენდერი მოიგო. დავით სიჭინავა “ქართული ოცნების” შემწირველიცაა;
  • შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც  “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო;
  • სენაკის მერიის საგზაო მშენებლობის ტენდერებს უმთავრესად იგებს სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი”, რომლის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დემურ გადელიაა. სენაკის მერი ვახტანგ გადელია კი დემურ გადელიას ძმისშვილია და თავად 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ამავე ოჯახთან არის დაკავშირებული შპს “ინდიკოც” - კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა - სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი;
  • შპს “როუდ პლიუსი” და  შპს “ბილდინგ გრუპ 17” ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია. ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28,516,914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15,314,019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის;

კვლევაში მიმოხილულ კომპანიებს ან/და მათთან დაკავშირებული პირებს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ პოლიტიკური შეწირულებებიც აქვთ გაღებული: შპს “საგზაოსთან” დაკავშირებულმა დავით სიჭინავამ 2017-2021 წლებში 32,000 ლარი შესწირა; შპს “შარაგზამშენი პირველმა” 2017 და 2021 წელს, შესწირა  ჯამში 25,000 ლარი; შპს “ლიდერი +”-მა 2021 წელს შესწირა 5,000 ლარი; შპს “თავადი 1”-მა კი 2021 წელს შესწირა 2,500 ლარი.

 

შპს “საგზაო”და ი.მ. დავით სიჭინავა

შპს “საგზაო” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ჯამში 63 ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 76,813,353  ლარი შეადგინა. ამ 63 მოგებული ტენდერიდან შპს “საგზაოს” 14-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 ტენდერი კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

შპს “საგზაო” 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანიას  დაფუძნებისას “ანასტასია  2014” ერქვა, 2017 წელს კი სახელი შეეცვალა და გახდა შპს “საგზაო”. კომპანიის თავდაპირველმა დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გელა ბიგვავამ 2017 წლის აგვისტოში დათმო დირექტორის პოზიცია და საკუთარი წილი უსასყიდლოდ გადასცა დავით სიჭინავას. 2018 წლის აგვისტოში კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი გახდა დავით სხულუხია, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში წილი უსასყიდლოდ დავით სიჭინავას ცოლის ძმას, კახაბერ უბილავას  გადასცა, 2021 წლის სექტემბერში კვლავ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი და ეს პოზიციას დავით სიჭინავას დისშვილმა, ნანა შამათავამ დაიკავა. 2023 წლის იანვრიდან კახაბერ უბილავამ კვლავ დაიბრუნა შპს “საგზაოს” 100% წილი, დირექტორი კი კვლავ ნანა შამათავაა.

აღსანიშნავია, რომ კახაბერ უბილავა წლების განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. დავით სიჭინავა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შემწირველია, მან მმართველი პარტიისთვის ჯამში 32,000 ლარი გაიღო 2017-2021 წლებში.

შპს “საგზაო” ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ოპერირებს, თუმცა ტენდერები მოგებული აქვს იმერეთსა და გურიაშიც.

კომპანიის მოგებული ტენდერების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

შპს “საგზაოს” ყოფილი მფლობელი და დირექტორი დავით სიჭინავა ტენდერებში 2013-2022 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა. ამ პერიოდში მან 57,188,154 ლარის 54 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 82,761 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვაც.

ი.მ. “დავით სიჭინავას” მიერ მოგებული 54 ტენდერიდან 12 ხონის მუნიციპალიტეტის, 15 კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერია. ყველაზე მსხვილი - 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი დავით სიჭინავამ 2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო  და 3 წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში გზების შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა. 

საინტერესოა ერთი გარემოებაც - დავით სიჭინავამ 2016 წელს გაიმარჯვა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერში (გ/ნ- SPA160009814), რომლის ღირებულებაც 303,970 ლარი იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხელს სიჭინავას მინდობილი პირი - დავით ჩაჩანიძე აწერს, რომლის კომპანიამ შპს “რენესანსი 77”-მა სიჭინავას მიერ მოგებული ტენდერის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ დავით ჩაჩანიძე მოხვდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში: იგი 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10,000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს, საქმე ეხებოდა 86,500 ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში 2015 წლის სექტემბერში ჩაჩანიძის კუთვნილმა შპს „ნიუ პროჯეკტმა“ მოიგო,  დავით ჩაჩანიძემ 2021 წლის აგვისტოში “ქართულ ოცნება” 5,000 ლარი შესწირა.

 

შპს “ლიდერი +” 

შპს “ლიდერი+” 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. 2019 წლიდან ამ კომპანიის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც  “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. შპს-ს დირექტორია თეიმურაზ ცომაია. 

შპს “ლიდერი+” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, კომპანიამ 25 ტენდერითა და 10 გამარტივებული შესყიდვით 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.  შპს “ლიდერი +” სულ 45 ტენდერში მონაწილეობდა და 24-ში გაიმარჯვა. აქედან 19 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია, 3 ტენდერი კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

შპს “ლიდერი +”-სგან მომსახურებას ძირითადად მესტიის მუნიციპალიტეტი (12 ტენდერი და 5 გამარტივებული შესყიდვა) და საავტომობილო გზების დეპარტამენტი (5 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა) ყიდულობენ.

შპს “ლიდერი +”-მა 2021 წელს 5,000 ლარი შესწირა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

კომპანიის მოგებული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

 

შპს “პრაიმ ბეტონი”

შპს “პრაიმ ბეტონი” 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. ამჟამად მის წილებს ფლობენ: ლაშა ჭიპაშვილი (12%), შპს “პრაიმ მენეჯმენტ კომპანი” (58.67%) და შპს “პეანი” (29.33%). კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკია. წილების მფლობელები კი  შპს-ს რამდენჯერმე შეეცვალა. მაგალითისათვის წარსულში შპს “პრაიმ ბეტონის” 7% წილს ზურაბ დავლიანიძე ფლობდა, რომელიც არაერთი კომპანიის მეწილე და დირექტორია, მათ შორის შპს “პრაიმ ჰიდროში” აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის ბიზნესპარტნიორია. 

შპს “პრაიმ ბეტონის” სამეთვალყურეო საბჭო 3 წევრისგან შედგება: თავმჯდომარე - გიორგი ახვლედიანი, წევრები კი - ლაშა ჭიპაშვილი და ნათია ჯანელიძე. აღსანიშნავია, რომ ნათია ჯანელიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის მოადგილის, დავით ჩხეტიანის მეუღლეა. 

შპს “პრაიმ ბეტონი” სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან ჩაერთო. სხვადასხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კომპანიას 21 მოგებული ტენდერისა და 8 გამარტივებული შესყიდვისთვის ჯამში 55,252,138 ლარი გადაუხადეს, თუმცა ხელშეკრულებათა ღირებულება გაცილებით მეტია, რადგანაც “პრაიმ ბეტონის” მიერ მოგებული 21 ტენდერიდან 6 მიმდინარე შესყიდვაა და თანხები კომპანიას სრულად ჯერ არ მიუღია. ამ გარემოების გათვალისწინებით, შპს “პრაიმ ბეტონის” მიერ მიღებული შესყიდვების საერთო ღირებულება 86,271,309 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შპს “პრაიმ ბეტონმა” დახმარება მიიღო საქართველოს მთავრობისაგან, თუმცა კონკრეტულად რა სახის დახმარება გაეწია კომპანიას უცნობია. 

 

შპს “როუდ პლიუსი” და შპს “ბილდინგ გრუპ 17”

შპს “როუდ პლიუსი” და  შპს “ბილდინგ გრუპ 17” ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია.  ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28,516,914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15,314,019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის. ამ შესყიდვებში არსებულ კორუფციულ რისკებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” გასულ წელს წერდა

შპს “როუდ პლიუსი” 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი თავად ზაზა ანთიაა. კომპანია 2021 წლიდან დღემდე 58 ტენდერში მონაწილეობდა და 23 შემთხვევაში გაიმარჯვა. მიღებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 16,451,079 ლარია, საიდანაც 6,920,049 ლარი ზუგდიდის მერიაზე მოდის. ამ 23 მოგებული ტენდერიდან 13-ში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, 4 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო.

2017 წელს რეგისტრირებული შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ზაზა ანთიას დედა, აზა ჩიხლაძეა, სატენდერო დოკუმენტაციას კი ხელს აწერს სწორედ ზაზა ანთია, როგორც მინდობილი პირი. შპს “ბილდინგ გრუპ 17” ტენდერებში 2018-2021 წლებში მონაწილეობდა, ჯამში 74 ტენდერიდან 32-ში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 12,005,725 ლარი შეადგინა, საიდანაც 8,333,860 ლარის ხელშეკრულებები ზუგდიდის მერიაზე მოდის. შპს “ბილდინგ გრუპ 17”-მა ზუგდიდის მერიისგან ასევე 60,110 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. 32 მოგებული ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 ტენდერში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

 

შპს “შარაგზამშენი პირველი”

შპს “შარაგზამშენი პირველი” 2005 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, კომპანიის 100 წილს გივი შენგელია ფლობს, დირექტორი კი გულად ბერაიაა.

შპს “შარაგზამშენი პირველს” 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 85,602,879 ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული, საიდანაც 84,629,946 ლარის ხელშეკრულებები 148 მოგებულ ტენდერზე მოდის, 972,933 ლარის ხელშეკრულებები კი - 23 გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის.

კომპანიამ 2017 და 2021 წელს, ჯამში 25,000 ლარი შესწირა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ” საქართველოს

 

თავადი 1

შპს “თავადი 1” 2007 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი ელგუჯა გურიელია. შპს “თავადი 1”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2013 წლიდან დღემდე 31,248,838 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 28,616,380 ლარის ხელშეკრულებები 59 მოგებულ ტენდერზე, 2,632,458 ლარის ხელშეკრულებები კი 97 გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის.

შპს “თავადი 1”-მა 2021 წელს 2,500 ლარი შესწირა ქართულ ოცნება.

 

სს “არქეოპოლისი” და შპს “ინდიკო”

სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი” 1996 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დემურ გადელიაა. დემურ გადელიას ძმისშვილი, ვახტანგ გადელია ამჟამად სენაკის მერია.  ვახტანგ გადელია 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. “არქეოპოლისში” მუშაობდა სენაკის მერის პირველი მოადგილე, ნანა ზარანდიაც. ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, 2018 წლიდან - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და სს ”არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა, სადაც 2020 წლის 12 ივნისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც იგი კვლავ სენაკის მერიაში დაბრუნდა და ამჟამად მერის პირველი მოადგილეა. 

სს “არქეოპოლისმა” 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 190,566,127 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 187,545,498 ლარის ხელშეკრულებები 132 მოგებულ ტენდერზე მოდის, 2,591,961 ლარის ხელშეკრულებები კი 6 გამარტივებული შესყიდვაზე.

შპს “ინდიკოც” გადელიების საოჯახო ბიზნესს განეკუთვნება.  კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა, სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი. შპს “ინდიკომ” სახელმწიფო შესყიდვებში 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან  114,119,606 ლარი მიიღო. ამ პერიოდში კომპანიამ 82 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ  111,456,160 ლარი შეადგინა.

სამეგრელოს გარდა შპს “ინდიკოს” ტენდერები მოგებული აქვს იმერეთშიც. შპს “ინდიკოს” შესყიდვებში არსებულ კორუფციულ რისკებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” 2022 წელს წერდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კვლევაში წარმოდგენილ კომპანიათა ნაწილის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის  ნიშნებს.

 

 

print