7 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მსხვილმა შემომწირველმა, ნუკრი დოლიძემ, პარტიას 58,000 ლარი შეწირა, მის კომპანიებს ბოლო სამ წელიწადში 164 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი აქვთ მიღებული
- შპს „მონოლითი 2005“ და შპს „ბონდი-2009“-ს 25-25%-იანი წილის მფლობელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ნუკრი დოლიძემ მმართველ პარტიას 2024 წლის 2 აგვისტოს 58,000 ლარი შესწირა. ნუკრი დოლიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან ბოლო სამ წელში პარტიას ჯამში 168,000 ლარი შესწირა. დოლიძის ბიზნესპარტნიორებს, შპს „ბონდი-2009“-ის მეწილეებს, ოთარ ფუტკარაძეს და დავით დევაძეს, „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 257,000 ლარი აქვთ შეწირული. აღნიშნულმა ორმა კომპანიამ 2010-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მლნ ლარამდე მიიღო, აქედან 68% - უკონკურენტო პირობებში. 2021 წლიდან, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში 164 მლნ ლარი მიიღეს.
წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.