7 ოქტომბერი: შსს მინისტრის გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღებს მონაწილეობას
- 2024 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“. ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ - ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფები“, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მიიღებს.
არჩევნების დღეს ყველა ჩართული მხარისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ მიზნით შსს მინისტრის მიერ ე.წ. ტერიტორიული ჯგუფების ფორმირება წინა წლების პრაქტიკაც იყო, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ბრძანების თანახმად ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, როგორც ეს ადრე იყო, არამედ სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი.