ანტიკორუფციულ რეფორმაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას
მივესალმებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატის – თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილისა – და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა.
კანონპროექტთა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
გავლენიანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ვერ ხერხდება შედეგზე ორიენტირებული ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება, რომელიც კორუფციის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციული შემთხვევების გამოძიებას უზრუნველყოფა; მოქმედი ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
ამ პრობლემის დასაძლევად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უკვე წლებია მოუწოდებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე ორგანოს ჩამოყალიბების აუცილებლობისკენ, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღიჭურვება შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით. ახალი ინიციატივა სწორედ ამგვარ კომპლექსურ რეფორმას ისახავს მიზნად.
როგორ იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური?
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება სამ სხვადასხვა უწყებაში არსებული ანტიკორუფციული ფუნქციის მქონე დანაყოფების გაერთიანების შედეგად; ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებებით. სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტი მაღალი ქვორუმით დანიშნავს, რაც მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
რა ფუნქციები ექნება დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სამსახურს?
სააგენტოში თავს მოიყრის მთელი რიგი ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უწყებაშია(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ) გაფანტული ან საერთოდ არ აქვს არცერთ უწყებას დაკისრებული:
- საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დახვეწა;
- საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. ასევე, კორუფციის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
- თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი;
- პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
- კორუფციული დანაშაულის მამხილებელთა დაცვა;
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა?
საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არის სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. აღნიშნული მოდელი წარმატებით არის დანერგილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში. შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თვისებრივ გაუმჯობესებას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებელს გახდის ე.წ. „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების რეალურ გამოძიებას და მათ პრევენციას.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს ფუნდამენტურ გაუმჯობესებას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით დეპუტატებს: თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძეს, ნინო გოგუაძესა და დიმიტრი ცქიტიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის.