ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეფასება

02 დეკემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე.  ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების საგულდაგულოდ გადაჭრა ევროკომისიის მიერ გაცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. 

თავდაპირველი ინიცირებული ვერსია  ანტიკორუფციული ბიუროს ზოგადი მაკოორდინირებელი ხასიათის უფლებამოსილებებს ითვალისწინებდა, მეორე მოსმენის შემდეგ კი მას დაემატა რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების  ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის და ქონებრივი დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის მიმართულებებით.

ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონით გათვალისწინებული ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ინსტიტუციაში მოქცევა მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. თუმცა, ცენტრალიზებული მოდელი მუშაობს მხოლოდ ამ ინსტიტუციის რეალური დამოუკიდებლობისა და მისთვის სათანადო (საგამოძიებო) უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში

ამ მხრივ, ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას. სხვა სიტყვებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ. საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას. სწორედ “მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების საგულდაგულოდ გადაჭრას” ითხოვს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული მე-4 რეკომენდაცია.

პრობლემურია ასევე ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი. პრემიერ მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე წარმოადგენს ევროკომისიის მიერ გაცემული მე-4 რეკომენდაციის მოთხოვნას. ამ გარანტიას უზრუნველყოფდა ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად არჩევა.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოსწორდა  ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასა და შესაბამის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარვეზები, ის ვერ უპასუხებს ქვეყანაში არსებულ მაღალი დონის კორუფციის გამოწვევას. 

ზემოაღნიშნული შეფასების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი შესაფასებლად გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში ან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR), და მოხდეს ამ ორგანიზაციების შეფასების შესაბამისად კანონში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.