არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილით მიმართავენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილით მიმართავენ

13 აპრილი, 2021

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს ამერიკელ სენატორებს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე. შექმნილი ვითარების  გახანგრძლივება, წერილის თანახმად, ხელს მხოლოდ კრემლს აძლევს იმ ფონზე, როცა ქვეყანა სერიოზული გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას, კრიზისის დაძლევა და ქვეყნის დემოკრატიის შემდგომი განვითარება კი მნიშვნელოვანი ფაქტორებია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფად გაწევრიანებისთვის.

“ამჟამად საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის”, - ნათქვამია წერილში, „გასული წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიღეთ ფაქტობრივად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. თებერვალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რის შედეგადაც პოლიტიკური ჩიხი სრულმასშტაბიან კრიზისად გადაიქცა. სასამართლოს, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და არჩევნების სფეროებში მრავალი წარუმატებელი რეფორმის პარალელურად, მმართველი ელიტის უარმა, რომ ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან გაენაწილებინა, ხელისუფლების ყველა შტოში ერთი პარტიის დომინირება გამოიღო შედეგად. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა დგას. ივანიშვილს არ აქვს რაიმე ოფიციალური თანამდებობა, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ის იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე, პრემიერ-მინისტრის შერჩევის ჩათვლით. მეორე მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე ახდენს გავლენას ენმ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ართულებს პროცესს“.

„ამ კრიზისის დასასრულებლად „ქართული ოცნება“ უნდა დათანხმდეს ძალაუფლების განაწილებას, უარი თქვას არადემოკრატიულ ქმედებებზე, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე, და აიღოს კონკრეტული გადაუდებელი რეფორმების განხორციელების ვალდებულება“, - ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ რონ ჯონსონის სახელზე გაგზავნილ წერილში.

გამოხატავენ რა მადლიერებას სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს გამართული მოსმენისა და ზოგადად, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში:

  1. გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს კვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.
  2. უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
  3. დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.
  4. წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.
  5. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  ღია საზოგადოების ფონდი და ლიბერალური აკადემია თბილისი - აღნიშნავენ, რომ ახლა ქვეყნის განვითარების პროცესში სწორედ ის მომენტია,  როდესაც გარე ჩართულობა აუცილებელია ამ კრიზისის დასასრულებლად.