არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ვაშინგტონში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ვაშინგტონში

12 ივლისი, 2021

 

12-16 ივლისს ღია საზოგადოების ფონდის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ატლანტიკური საბჭოს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის, ფრიდომ ჰაუსის, ჰელსინკის კომიტეტის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ და სხვა ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრებს დაესწრება კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის დეკანი და ფორმულას ტოქშოუს წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი.

შეხვედრები 12 ივლისს დაიწყება და შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის ხარისხსა და განვითარების პერსპექტივას, სადაც უმთავრესი როლი აქვს მედიის თავისუფლების ხარისხს და სასამართლოს დამოუკიდებლობას. შეხვედრების შინაარსი დაეყრდნობა ორგანიზაციების მიერ რამდენიმე კვირით ადრე მომზადებულ საკითხებს: კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიები- მფლობელებისა და  საქმიანობის გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი, მედიაგარემო და სახელმწიფო უსაფრთხოება.

შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის ხედვა აშშ-სთვის წარმოადგენს სანდო ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროს, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით დღის წესრიგის განსაზღვრაში და პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში კიდევ უფრო დაეხმარება.