ახალციხის საკრებულოს 2021-2022 წლების საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალციხის საკრებულოს 2021-2022 წლების საქმიანობის შეფასება

27 ივლისი, 2023

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობას.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის დეკემბრიდან 2022  წლის დეკემბრის ჩათვლით.

 

ძირითადი მიგნებები

  • ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
  • ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა. წინამდებარე შეფასების მომზადებისას საკრებულომ არ მოგვაწოდა საკრებულოსა და კომისიების სხდომების ოქმები, აგრეთვე საჯარო ინფორმაცია ამ სხდომებზე  დეპუტატების დასწრება-გაცდენის, სიტყვით გამოსვლის, ასევე, დეპუტატების მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების, ან წინადადებების შესახებ.
  • საკრებულომ  დეპუტატების მიერ მოსახლეობასთან გამართული ვერცერთი შეხვედრის ოქმი ვერ წარმოგვიდგინა.
  • ახალციხის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია.
  • საანგარიშო  პერიოდში, საკრებულომ 18  სხდომა გამართა  და ყველა წარმოდგენილ საკითხს, გარდა ერთისა, რომელიც უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის წესს ეხებოდა, მხარი დაუჭირა.
  • ახალციხის  საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 9-მ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია  არასრულად შეავსო.
  • საკრებულოში მოქმედი  სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ  წარუდგენია.  ფრაქციების მიერ გაწეული საქმიანობისთვის ჯამში 311,586.88  ლარი დაიხარჯა.
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს, საანგარიშო პერიოდში, არც  სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების  მონიტორინგის სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია.
  • საკრებულომ მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი დარბაზი შექმნა.
  • ახალციხის საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი პეტიცია დააკამყოფილა.
  • 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ჩათვლით,  საკრებულოს ხარჯებმა ჯამში 1,052,686.18 ლარი  შეადგინა. ამ თანხიდან ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში სულ 901,802.73 ლარი გაიცა.
  • ერთ წელში  საკრებულომ 33,584 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 109,690.45 ლარი შეადგინა. აქედან 11,044 ლიტრი საწვავი (ჯამური ღირებულებით - 35,975.45 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა.

რეკომენდაციები:

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზედამხედველო საქმიანობაში, უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების პროცესის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის მიზნით;
  • აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობას უფრო აქტიურად უნდა უწევდნენ  ზედამხედველობას საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე.

ანგარიშვალდებულება:

  • საკრებულომ კანონით დადგენილ ვადებში უნდა გასცეს საჯარო ინფორმაცია. ასევე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე პროაქტიულად ატვირთოს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომების ოქმები.
  • თანამდებობის პირთა დეკლარაციები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ.

ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქციებმა აქტიურად უნდა შეისწავლონ და გააკონტროლონ მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგნენ საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდიან თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერენ ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას.

საკრებულოს ხარჯები:

  • მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეკონომიაზე.

დასახლების საერთო კრება:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს დასახლების საერთო კრება წარმოადგენს. რადგანაც ახალციხის მუნიციპალიტეტში  დასახლების საერთო კრებები მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იმართება, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ გააქტიუროს ჩართულობის ეს მექანიზმი, მიმართოს მერს, რომ ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად, მისი შუამდგომლობით გაიმართოს დასახლების საერთო კრება.
print