ბაჩიაშვილის საქმე: პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის კერძო ინტერესების სამსახურში
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა.
გიორგი ბაჩიაშვილს, 39 წლის ბიზნესმენს, ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენაში.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით მას სასჯელის სახით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 12 წლამდე, ხოლო, მეორესთან დაკავშირებით - თავისუფლების აღკვეთა ვადით 9-დან 12 წლამდე.
საქმეს განიხილავს მოსამართლე გიორგი გელაშვილი. ბრალდების მხარეს წარმოადგენს გენერალური პროკურატურის პროკურორი მიხეილ სადრაძე.
აქამდე წარმოებული მრავალრიცხოვანი სისხლის სამართლის საქმეებისგან, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რეჟიმის მორჩილი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების გამოყენებით, უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე წარმართულა, ალბათ არცერთი არ ასახავს ივანიშვილის კერძო და პირად ფულად ინტერესს ასე მკაფიოდ და დაუფარავად, როგორც ბაჩიაშვილის საქმე.
ბრალდების პოზიციის სისუსტე და ბრალდების მტკიცებულებათა სიმცირე ამ საქმეში იმდენად თვალსაჩინოა, რომ ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სისტემაში, ასეთი ბრალდების წარდგენაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ, სასამართლოში საქმის წარმოებაზე. ბრალდების მხარის მითითებები ბრალდების ფაქტობრივ კომპონენტზე მართებულიც და დამტკიცებულიც რომ ყოფილიყო, რასაც სინამდვილეში ადგილი არა აქვს, საუკეთესო შემთხვევაში, ისინი სამოქალაქო დავის საგანი უნდა გამხდარიყო და არა სისხლისსამართლებრივი დევნისა.
1. ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი?
გიორგი ბაჩიაშვილი კარგი დასავლური განათლების მქონე, წარმატებული ბიზნესმენია. 2005 წელს ბაჩიაშვილმა მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის (BBA) ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში, იმავდროულად მუშაობდა საქართველოს ბანკში. 2010 წელს გიორგი ბაჩიაშვილმა წარმატებით დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა (MBA) პრესტიჟულ Institut Européen d’Administration des Affaires (INSEAD)-ში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ფონტენბლოში მდებარეობს.
საფრანგეთში სწავლის დასრულების შემდეგ ბაჩიაშვილმა მუშაობა ჯერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Booz & Company-ის მოსკოვის ოფისში დაიწყო, ხოლო შემდეგ სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის და ქონების მმართველი კომპანია Unicor Management Company-ის უძრავი ქონების განყოფილებაში გადავიდა.
გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილს პირველად 2012 წლის ნოემბერში შეხვდა, როდესაც ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. მალე იგი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ დანიშნა. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე იყო ივანიშვილსა და მის პირად ბანკირებს შორის მეკავშირე. ბაჩიაშვილი თან ახლდა ივანიშვილს ეკონომიკურ შეხვედრებზე და რჩევებს აძლევდა მას უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების დროს. 2013 წელს, ივანიშვილის ინიციატივით, „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ დაარსდა, რომლის დირექტორად გიორგი ბაჩიაშვილი დაინიშნა. ფონდი რეგისტრირებულ იქნა კაიმანის კუნძულებსა და ლუქსემბურგში. გიორგი ბაჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2019 წლამდე იკავებდა. შედეგ, 2023 წლამდე იგი ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ბაჩიაშვილის თქმით, მას დიდი წვლილი მიუძღვის შვეიცარიულ ბანკთან “Credit Suisse” ივანიშვილის დავის წარმოების და წარმატებით დასრულების საქმეში. 2015 წლიდან 2023 წლამდე, მთელი 8 წლის განმავლობაში, ბაჩიაშვილი ინტენსიურად მუშაობდა ივანიშვილის ადვოკატებთან ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაზე. იგი ამარაგებდა მათ დოკუმენტური მტკიცებულებებით. მანვე ივანიშვილის სასარგებლოდ ჩვენება მისცა ორ ყველაზე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე.
ბაჩიაშვილი ივანიშვილთან მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. იგი ხშირად ესწრებოდა დახურულ შეხვედრებს, სადაც ივანიშვილისთვის და მთავრობისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილებოდა. მაგალითად, თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში იგი საუბრობს ივანიშვილის შეხვედრებზე საქართველოს იმდროინდელ გენერალურ პროკურორთან, როდესაც ივანიშვილი არცერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა. ბაჩიაშვილი ასევე საუბრობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა კლანის ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის პირდაპირ ურთიერთობებსა და კავშირებზე ივანიშვილთან, რომლისგანაც ჩინჩალაძე პირდაპირ დავალებებს ღებულობდა. ბაჩიაშვილის ბოლოს გავრცელებული ინტერვიუებიდან ჩანს, რომ მას ასევე თავაზობდნენ სენსიტიურ საქმეებში ჩართვას, ისეთებში, როგორიც არის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის საკუთრების შეძენა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაჩიაშვილი ხშირად საჯაროდ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. ის ღიად გამოხატავს თავის მხარდაჭერას აქციების დროს დაკავებულების მიმართ. იგი ასევე ეხმარება პროტესტის მონაწილეებს ადმინისტრაციული ჯარიმების დაფარვის მიზნით. ბაჩიაშვილის გააქტიურებასთან ერთად დაჩქარდა მისი სასამართლო პროცესის მსვლელობაც.
2. ივანიშვილის ბრალდებები ბაჩიაშვილის მიმართ
2023 წლის 23 მარტს ივანიშვილის დავალებით, მისმა ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
როგორც განცხადებაში იქნა აღნიშნული, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა საინტერესო ბიზნესწინადადებით მიმართა ივანიშვილს. კერძოდ, განცხადების ავტორის თქმით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინის მაინინგში თანხების დაბანდება შესთავაზა. წიქვაძის თქმით, ეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ივანიშვილისთვის, იგი დათანხმდა ბაჩიაშვილის წინადადებას და ბიტკოინის მაინინგში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა. ივანიშვილის წარმომადგენლის ვერსიით, ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხა ბაჩიაშვილისთვის გადაეცა თავის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან. თუმცა, როდესაც ბაჩიაშვილმა ურჩია, რომ „მეტი მოქნილობისთვის“ უმჯობესი იქნებოდა აღნიშნული „საინვესტიციო თანხა“ გაცემულიყო ბაჩიაშვილის საწარმოზე სს „ქართუ ბანკის“ მეშვეობით, ივანიშვილი ამასაც დათანხმდა და მან 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს „ქართუ ბანკის“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო) გენერალურ დირექტორს - ნატო ხაინდრავას. ნატო ხაინდრავამ, როგორც წიქვაძე აცხადებს, „მიღებული დავალების შესაბამისად“, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილს გადასცა 5 მილიონი აშშ დოლარი. თანხის გადაცემა მოხდა სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო „საბლანკო“, ანუ არაუზრუნველყოფილი. მოგვიანებით, მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ივანიშვილის პირადი თანხით. ამის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა მიღებული თანხა, მაინინგით დაკავებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიტკოინების მაინინგში დააბანდა. წიქვაძის თქმით, ამის შესახებ ივანიშვილს აცნობეს, როგორც ბაჩიაშვილმა, ისე ნატო ხაინდრავამ.
წიქვაძის თქმით, თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის კვლავ შედგა კომუნიკაცია, რომლის დროსაც ბაჩიაშვილმა „გამოთქვა შეშფოთება“ კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო. მისი განმარტებითო, აცხადებს წიქვაძე, „არსებობდა რისკი, რომ ბიტკოინის ღირებულება სრულად გაუფასურებულიყო და ჩემს მარწმუნებელს ინვესტირებული თანხა დაეკარგა,“ ამიტომ ბაჩიაშვილმა შეძლოო ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. მართლაც, შეთანხმების შესაბამისადო, აცხადებს წიქვაძე, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისი განმარტებით დარჩენილი იყოო გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული თანხიდან.
წიქვაძის განცხადებით, იმჟამად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა, მოგვიანებით ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და ბაჩიაშვილის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით. შედეგად კი, წიქვაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი - ივანიშვილი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. საბოლოოდ, წიქვაძემ მოითხოვა, რომ ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებით.
წიქვაძის განცხადება ასევე შეიცავს ივანიშვილის პრეტენზიებს ბაჩიაშვილის მიმართ “მტკვარი ჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, რადგან პროკურატურას ამ ნაწილში ბაჩიაშვილისთვის ბრალდება არ წარუდგენია, ამ საკითხს ჩვენც არ შევეხებით.
ამის შემდეგ, საქმეზე გამოიკითხა წიქვაძე, ხაინდრავა და თვითონ ივანიშვილიც. ყველა მათგანმა, ცხადია, დაადასტურა წიქვაძის განცხადებაში მითითებული გარემოებები.
ამ საქმეზე ივანიშვილი ორჯერ გამოიკითხა: პირველად 2023 წლის 13 აპრილს, ხოლო, მეორედ იმავე წლის 3 ოქტომბერს. მეორე გამოკითხვა, უმეტეს წილად, იყო ივანიშვილის რეაქცია ბაჩიაშვილის მიერ წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერზე, საიდანაც იკვეთება, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილთან სწორედ “ქართუ ბანკის” მიერ ბაჩიაშვილისთვის სესხის გაცემის საკითხს განიხილავს და არა რაიმე სახის მის პირად საინვესტიციო პროექტს ბიტკოინებში (ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ, ქვემოთ მე-5 ნაწილი).
3. პროკურატურის მიერ ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება
2023 წლის 5 ივლისს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების შესახებ.
ბრალდების თანახმად, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, ივანიშვილის მიერ ბიტკოინის მაინინგში განხორციელებული ინვესტიციის შესაბამისად გამომუშავებული კრიპტოვალუტიდან, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ივანიშვილის კუთვნილი 8 253.13 ბიტკოინი, რომლის ღირებულება, 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 39 215 820 აშშ დოლარი იყო, რითაც ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზოზმიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა.
ბრალდების მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ასევე ჩაიდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
4. ბაჩიაშვილის პოზიცია
2015-2017 წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ სულ სხვა ვერსიას ყვება თავად გიორგი ბაჩიაშვილი.
2023 წლის 13 ივნისს შედგა მისი პირველი გამოკითხვა. რაც შეეხება 2015 წელს განხორციელებულ ინვესტიციას ბიტკოინში, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული წლის ზაფხულში სს „ქართუ ბანკმა“ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გასცა ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate Inc.-ს, რომელსაც, კომპანია Bitfury-ისთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ თანხის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა ბიტკოინის მაინინგში. ბაჩიაშვილის თქმით, Mission Gate Inc.-ის მიერ თანხის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში იყო მისი - გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივა. არც დავალება და არც შეთავაზება არ მომდინარეობდა ბიძინა ივანიშვილისგან. უბრალოდ, მან თხოვა ბიძინა ივანიშვილს, რომ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აეღო „ქართუ ბანკიდან“ ბიტკოინის მაინინგში ინვესტიციისათვის, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო.
2023 წლის 19 ივნისს შედგა გიორგი ბაჩიაშვილის მეორე გამოკითხვა. ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წლის ივლისში, იგი მივიდა ივანიშვილთან, რათა „ქართუ ბანკისგან“ სესხის აღებაში დახმარებოდა. ბაჩიაშვილმა მოკლედ აუხსნა ივანიშვილს, თუ რაში სჭირდებოდა ეს თანხა. ბაჩიაშვილის თქმით, მას მანამდე მრავალჯერ ჰქონდა ივანიშვილთან საუბარი ბიტკოინში თანხების ინვესტირების მომგებიანობაზე, თუმცა, ამ სფეროში ინვესტირებაზე ივანიშვილი ინტერესს არ იჩენდა. ბაჩიაშვილის თქმით, მან ივანიშვილს უთხრა, რომ თვითონ ჰქონდა 1.5 მილიონი აშშ დოლარი და დამატებით სჭირდებოდა 5 მილიონი აშშ დოლარი, რადგან მაინინგის განხორციელების სანაცვლოდ Bitfury 6.5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა (მოგვიანებით, ეს თანხა 6.3 აშშ მილიონამდე შემცირდა). ივანიშვილი დახმარებას დაპირდა, თუმცა, უთხრა, რომ სესხის რისკები და დეტალები გაევლო სს „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორთან ნატო ხაინდრავასთან. რამდენიმე დღეში ის მივიდა ნატო ხაინდრავასთან, რომლისთვისაც, როგორც ჩანდა, ივანიშვილს უკვე ნათქვამი ჰქონდა ბაჩიაშვილის თხოვნის შესახებ. ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილთანაც და ხაინდრავასთანაც საუბარი იყო მხოლოდ სესხზე. ბაჩიაშვილმა ხაინდრავას აუხსნა სესხის მიზნობრიობა. ხაინდრავასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბანკის თანამშრომელი, რომელიც ბაჩიაშვილს უსვამდა შეკითხვებს სესხის რისკების შესახებ. ნატო ხაინდრავამ ბაჩიაშვილს უთხრა, გავივლით ამ საკითხს და შეგეხმიანებითო.
ბაჩიაშვილის თქმით, ამის შემდეგ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია მას და ივანიშვილს შორის, რომლის დროსაც, ივანიშვილმა თქვა, რომ ნატო ამ სესხის გაცემასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს ხედავს და თავს არაკომფორტულად გრძნობსო. ივანიშვილმა უთხრა ბაჩიაშვილს, დაელაპარაკე კვლავ ნატოს და ნახეთ რაიმე სხვა სარგებელი თუ შეიძლება ჰქონდეს ბანკს, ან სესხის პროცენტი შეიძლება გაზარდოთ ან სხვა რაიმით დააინტერესოთ ბანკიო.
ამის შემდეგ ბაჩიაშვილი ისევ ნატო ხაინდრავასთან მივიდა, რომელმაც უთხრა, ივანიშვილს ველაპარაკე და სესხის სანაცვლოდ მაინინგის მომსახურების ხელშეკრულების ღირებულების 30% მოგვეციო. ბაჩიაშვილის თქმით, მან გაიკვირვა ასეთი მაღალი პროცენტის მოთხოვნა, მაგრამ დაეთანხმა და ნატო ხაინდრავას ამ 30%-ის გადახდის შემდეგი სქემა შესთავაზა: Mission Gate Inc.-სა და Bitfury-ის შორის დადებული კონტრაქტიდან, „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის პროპორციულად, მაინინგისგან მიღებული შემოსავლის 30%-ს გამოაკლდებოდა ბანკში გადასახდელი პროცენტი, გამომუშავებულ ბიტკოინებს და მის ღეირებულებებს დააფიქსირებდა Mission Gate Inc.-ის კრიპტოვალუტის საფულეზე/მისამართზე, სადაც ასევე დაფიქსირდებოდა ჩარიცხვა/გადარიცხვები და ფასები, და ამის მიხედვით დაითვლებოდა ის თანხა, რომელიც ხაინდრავას და ივანიშვილის მიერ ნაღდი ფულის სახით იყო მოთხოვნილი. ამ შეთავაზებას ხაინდრავა დაეთანხმა და 2015 წლის აგვისტოში ჯამში 5 მილიონი აშშ დოლარი ორ სესხად გაიცა Mission Gate Inc.-ის მიერ „ქართუ ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე, რომელიც შემდგომში Bitfury-ის ანგარიშზე გადაირიცხა. ერთი წლის შემდეგ ბაჩიაშვილმა სესხი, პროცენტებიანად, დააბრუნა. რაც შეეხება კრედიტის პროცენტის ზევით მოთხოვნილ თანხას, ბაჩიაშვილის თქმით, ის ზეპირ მოლაპარაკებად დარჩა და დოკუმენტებში არ აისახა. ამ თანხამ საბოლოო ჯამში 536 900 აშშ დოლარი შეადგინა, რის თაობაზეც ბაჩიაშვილმა ხაინდრავას შესაბამისი კალკულაცია წარუდგინა, ხოლო თვითონ თანხა ნაღდი ფულით გადასცა.
5. საქმეში არსებული და არარსებული დოკუმენტური და სხვა მტკიცებულებები
საქმეში არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს თუ „ქართუ ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის მიერ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები ბაჩიაშვილის კომპანიისთვის ორი - თითოეული 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით - სესხის გაცემის შესახებ. საქმის მასალებში ასევე მოიპოვება შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებები და კრედიტების დაფარვის შესახებ მტკიცებულებები.
დაცვას ასევე წარდგენილი აქვს სატელეფონო ჩანაწერი ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის, რომელიც 2015 წლის 30 ივლისს შედგა და რომლის შინაარსი, ბაჩიაშვილის განცხადებით, დაცვის პოზიციას განამტკიცებს. ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის შესახებ გერმანელი ექსპერტების დასკვნა სასამართლოს მალე წარედგინება.
მართლაც, სატელეფონო ჩანაწერი მთლიანად ეხება “ქართუ ბანკის” მიერ ბაჩიაშვილის კომპანიისთვის სესხის გაცემას, თუ რაოდენ სკეპტიკურად იყო განწყობილი ბანკის ხელმძღვანელი - ნატო ხაინდრავა ამ სესხის მიზანშეწონილობის თაობაზე და რა დამატებითი წინადადებები უნდა შეეთავაზებინა ბაჩიაშვილს ხაინდრავასთვის, რათა ბანკს ამ სესხის გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული ინტერესი გასჩენოდა და მისი სკეპტიციზმი აღმოფხვრილიყო. სწორედ ამ სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს, რომ ხაინდრავას სკეპსისის დაძლევისა და ბანკის რისკების დაზღვევის მიზნით, სესხზე დარიცხული პროცენტის გარდა, ბაჩიაშვილს ბანკისთვის გადაეცა ბაჩიაშვილის მიერ მაინინგში ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული “მოგების” რაღაც ნაწილი, რომელიც ხაინდრავასთვის მისაღები იქნებოდა.
საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ივანიშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგში ვითომდაც განხორციელებული ინვესტიციის რეალურ არსებობას. მეტიც, ბაჩიაშვილის თქმით, დახურულ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ივანიშვილმა აღიარა კიდეც, რომ საინვესტიციო ხელშეკრულება ან მისი დამადასტურებელი რაიმე სხვა დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს.
6. ბრალდების პოზიციის სისუსტე
მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ღიად რჩება, არის ის, წარმოადგენდა თუ არა ბაჩიაშვილის კომპანიისთვის „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის სესხი ივანიშვილის „ინვესტიციას“ ბიტკოინებში, რომლის სანაცვლოდაც ბაჩიაშვილი ვალდებული იყო ივანიშვილისთვის გადაეცა ამ თანხის პროპორციულად გამომუშავებული ბიტკოინები. შემდეგი გარემოებები მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის ან, ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით დაარწმუნებდა „ობიექტურ დამკვირვებელს“, რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია.
ა) საქმეში არ არის ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება
როგორც ზემოთ აღინიშნა, წერილობით დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება ან ამგვარი ზეპირი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს.
ბ) ივანიშვილის „ინვესტიციის“ შესახებ მიუთითებენ მხოლოდ თვითონ ივანიშვილი და მისი „ხელქვეითები“
როგორც ზემოთ ასევე აღინიშნა, ბრალდების პოზიციას, რომ თითქოს „ქართუ ბანკის“ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი ბაჩიაშვილის კომპანიის მიმართ ივანიშვილის ინვესტიცია იყო, ადასტურებენ მხოლოდ ივანიშვილი, მისი ხელქვეითები - „ქართუ ბანკის“ იმდროინდელი გენერალური დირექტორი და ამჟამად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა და მისი იმდროინდელი მოადგილე დავით გალუაშვილი, აგრეთვე, მისი ადვოკატი - თეიმურაზ წიქვაძე. მათგან პირდაპირი ჩვენება მხოლოდ ივანიშვილისაა, დანარჩენების ჩვენებები ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს. ისინი, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხთან დაკავშირებით ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის ურთიერთობის უშუალო შემსწრეები არ ყოფილან და მათი ინფორმაციის წყარო თვითონ ივანიშვილია.
შესაბამისად, მათი ჩვენებები, ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვით, მაღალ ნდობას ვერ დაიმსახურებს, მით უმეტეს, რომ თითოეული მათგანი, ამა თუ იმ ფორმით, ივანიშვილის „ხელქვეითია“, ორი მათგანი ივანიშვილის ბანკის მოხელეა, რომლებსაც ივანიშვილი, მისივე თქმით „დავალებებს აძლევს“ ხოლმე; ხოლო, ერთი - ივანიშვილის მიერ სახელშეკრულებო საფუძველზე დაქირავებული ადვოკატი. ეს უკანასკნელი, მისივე განცხადებით, ივანიშვილის წარმომადგენელი 2023 წელს გახდა, მანამდე ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია და 2015 წლის მოვლენების თვითმხილველი, ცხადია, არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, საქმეში მისი მოწმედ ჩართვის საკითხიც გაუგებრობას იწვევს.
გ) ბაჩიაშვილის კომპანიისათვის სესხად გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარი ივანიშვილის საკუთრება არ იყო და ვერ იქნებოდა
როგორი დე ფაქტო ურთიერთობებიც არ უნდა ყოფილიყო და არის ივანიშვილსა და „მის“ ბანკს შორის, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა წიქვაძემ სასამართლოში განაცხადა, ივანიშვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ბანკის ქონება ივანიშვილის ქონებაა. „ქართუ ბანკი“, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბანკი საქართველოში სააქციო საზოგადოების ფორმით არის დაფუძნებული. იმ დროს და დღესაც მოქმედი კანონმდებლობით სააქციო საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათ საკუთრებაში არსებული აქციებით და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.
მასადამე, საკუთრება 5 მილიონ აშშ დოლარზე „ქართუ ბანკს“ ჰქონდა და არა ივანიშვილს. შესაბამისად, ივანიშვილი ვერ მოითხოვს ამონაგებს იმ ფულადი სახსრებისგან, რომლებიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი ამონაგების მოთხოვნის უფლება, სათანადო საინვესტიციო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ექნებოდა „ქართუ ბანკს“ და არა მის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
ის, რომ ივანიშვილი, თავისივე აღიარებით, „დავალებებს აძლევდა“ „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორს, ცალკე მსჯელობის საგანია კორპორაციული მმართველობის სტანდარტებისგან გამომდინარე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ბანკი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
დ) არ არსებობს „მითვისების“ და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის“ შემადგენლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულს, სახელწოდებით „მითვისება“, განმარტავს, როგორც „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა“.
ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია, რომ ნივთი ან ქონებრივი უფლება „სხვისი“ უნდა იყოს. საკუთარი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება შეუძლებელია. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება, რომ მან მიითვისა ივანიშვილის ქონებრივი უფლება ბიტკოინების მიმართ, მაშინ, როდესაც:
1) 5 მილიონი აშშ დოლარი, როგორც უკვე ვთქვით, „ქართუ ბანკის“ იყო და არა ივანიშვილის;
2) 5 მილიონი აშშ დოლარის მსესხებელი ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate Inc.-ი იყო და არა პირადად ბაჩიაშვილი;
3) ფულადი თანხა, რომელიც „ქართუ ბანკმა“ სესხის სახით Mission Gate Inc.-ს გადასცა, ამ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან Mission Gate Inc.-ის საკუთრება გახდა, რადგან სესხის ბუნება ისეთია, რომ ნასესხები ფული მისი მიღებისთანავე მსესხებლის საკუთრება ხდება, სხვა საკითხია, რომ მსესხებელს წარმოეშვება ვალდებულება, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი (იხ. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი). შესაბამისად, თუ „მითვისებას“ მოინდომებდა, ბაჩიაშვილს მხოლოდ თავისი კომპანიის ფულადი სახსრების მითვისება შეეძლო, რასაც მას არც აბრალებენ.
შესაბამისად, ამ საქმეში „მითვისების“ შემადგენლობა არ არის და ვერც იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის რაღაც საინვესტიციო ხელშეკრულება არსებულიყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც, თვითონ ივანიშვილისა და მისი „ხელქვეითების“ ჩვენებების გარდა არ არსებობს.
რადგან არ არის მითვისების შემადგენლობა, ვერ იქნება ვერც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შემადგენლობა, რადგან ეს უკანასკნელი პრედიკატი დანაშაულის - ამ შემთხვევაში „მითვისების“ არსებობაზეა დამოკიდებული.
ე) საუკეთესო შემთხვევაში ბრალდების მიერ მითითებული გარემოებები შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი
გარემოებები, რომლებზეც მიუთითებს ბრალდების მხარე, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი, ოღონდ არა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს, არამედ „ქართუ ბანკსა“ და Mission Gate Inc.-ს შორის.
7. ივანიშვილის წინადადება საქმის “მორიგებით” დასრულების თაობაზე
ბაჩიაშვილის თქმით, 2024 წლის გაზაფხულზე, ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვამდე მცირე ხნით ადრე, ივანიშვილის ადვოკატმა წიქვაძემ WhatsApp-ის მეშვეობით წინადადება გაუგზავნა ბაჩიაშვილის ადვოკატს, რითაც წიქვაძე, ივანიშვილის სახელით, სთავაზობდა ბაჩიაშვილს, გადაეცა მისი მარწმუნებლისთვის, ბრალდების თანახმად, მითვისებული ბიტკოინების 60%. ამასთანავე, წიქვაძემ გააფრთხილა ბაჩიაშვილი, რომ, ამ შეთავაზებაზე უარის თქმის ან პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევში, 2024 წლის 1 აპრილის შემდგომ ყოველ მომდევნო თვეს, დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდებოდა 5%-ით. ხოლო, წლის ბოლომდე, როდესაც სასამართლო განაჩენს გამოიტანდა, “ბრალდებულ მხარეს ამოწურული [ექნებოდა] ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა.” შეტყობინების დასასრულს, წიქვაძემ ასევე გააფრთხილა ბაჩიაშვილი, რომ ფუჭი იქნებოდა ბაჩიაშვილის ნებისმიერი მცდელობა რაიმე ფორმით განეკარგა მითვისებული კრიპტოვალუტა ან მისგან რაიმე სარგებელი მიეღო, რადგან “დაზარალებული მხარე [გამოიყენებდა] ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად”.
ბაჩიაშვილმა ამ წინადადებას “გამოძალვა” უწოდა, ხოლო, წიქვაძე არ უარყოფს, რომ ასეთი წინადადება, “მორიგების” მიზნით მის მიერ მართლაც გაეგზავნა ბაჩიაშვილის ადვოკატს, რაშიც “განსაკუთრებული” არაფერი არ არის.
წიქვაძის “წინადადება”, რომელიც მისივე თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის “მორიგების” მიზანს ემსახურებოდა, როგორც ჩანს, გულისხმობდა, რომ ასეთი “მორიგების” მიღწევის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა ბაჩიაშვილის მიმართ შეწყდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რა ინტერესი ექნებოდა ბაჩიაშვილს, რომ ასეთი წინადადება მიეღო.
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მორიგების გამო. ამდენად, თუნდაც ბაჩიაშვილს მიეღო ასეთი წინადადება, კანონით, მის მიმართ დევნა ვერ შეწყდებოდა. სხვა საკითხია, რომ ივანიშვილის ნებასურვილით საქართველოში შეიძლება განხორციელდეს ყველაფერი. მაგალითად, პროკურორს შეეძლო, ივანიშვილის კარნახით, უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. შესაბამისად, ეს წინადადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ივანიშვილს, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.
8. საპროცესო ხასიათის პრობლემები
სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში ყურადღება მიიპყრო ორმა გარემოებამ, რომლებიც შესაძლოა ბრალდების სასარგებლოდ სასამართლოს მიკერძოებულობაზე მიუთითებდეს.
ერთია ის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და თავად ივანიშვილისა და ბრალდების კიდევ ორი მოწმის - „ქართუ ბანკის“ წარმომადგენლების, ნატო ხაინდრავას და დავით გალუაშვილის დაკითხვის მიზნებისთვის დახურა სხდომა. მეორეა ის, რომ სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და „დაზარალებული“ ივანიშვილი, რომელიც ბრალდების ერთადერთი პირდაპირი მოწმეა, დისტანციურად დაკითხა, ნაცვლად იმისა, რომ იგი გამოცხადებულიყო სასამართლოში და მიეცა ჩვენება ისევე, როგორც ყველა სხვა მოწმემ მისცა ჩვენება.
პირველი შუამდგომლობის მიზეზად „ქართუ ბანკის“ და ივანიშვილის „კომერციული საიდუმლოების“ დაცვის აუცილებლობა იქნა დასახელებული. ხოლო, მეორის საფუძვლად მითითებულ იქნა ივანიშვილის ასაკი და, აგრეთვე, უსაფრთხოება, რომელიც თურმე, სასამართლოში მისი გამოცხადების შემთხვევაში უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ორივე ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ“ „პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით.“ იმავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, „მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.“
ორივე მითითებული ნორმა არღვევვს სამართლიან ბალანსს ბრალდებულის უფლებებსა და მოწმის საიდუმლოებისა და უსაფრთხოების ინტერესებს შორის და სასამართლოს ანიჭებს პრაქტიკულად სრულ დისკრეციას იმისათვის, რომ სხდომის დახურვის და მოწმის დისტანციურად დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილებების მხოლოდ საკუთარი მიხედულების შესაბამისად მიიღოს. ამით კი, შესაძლებელია თვითნებურად იქნეს დარღვეული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების - სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორებიცაა, საქმის საქვეყნოდ განხილვის უფლება და ბრალდებულის უფლება, ეფექტური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში.
ა) იყო თუ არა აუცილებელი და გამართლებული სხდომის დახურვა?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართლიანი სასამართლო, მათ შორის, მოიცავს „საქმის საქვეყნოდ განხილვის“ უფლებას, იმ დათქმით, რომ „მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლო სხდომების საქვეყნოდ ჩატარება წარმოადგენს ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც იცავს დავის მხარეებს საიდუმლო მართლმსაჯულებისგან, რომელიც საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საზოგადოების ნდობის შენარჩუნება სასამართლოების მიმართ. მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის სასამართლო პროცესები, ლეგიტიმურობას იძენს საჯაროდ ჩატარების შედეგად. მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, საჯაროობა ხელს უწყობს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნის შესრულებას, კერძოდ, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპია Belashev v. Russia, Application no. 28617/03, 4 December 2008, §79).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სხდომის ნაწილობრივ ან მთლიანად დახურვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამას „მკაცრად მოითხოვს“ საქმის გარემოებები (Welke and Białek v. Poland, Application no. 15924/05, 1 March 2011, §74). ევროპული სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იყო თუ არა სხდომის დახურვა „გამართლებული“ (იქვე, §75). გარდა ამისა, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, იყო თუ არა სხდომის დახურვა „მკაცრად აუცილებელი“ (იქვე, §76).
ევროპული სასამართლო ამ პრინციპების ერთგულია მაშინაც კი, როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება. მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმის მასალები შეიძლება შეიცავდეს საიდუმლო ინფორმაციას, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სხდომა დაიხუროს პროცესის საქვეყნოობის პრინციპსა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესს შორის ბალანსის დაცვის გარეშე (Belashev v. Russia, §83).
მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურამ სხდომის დახურვა „კომერციული საიდუმლოების“ დაცვის აუცილებლობით მოითხოვა. ამასთან, არ მიუთითა, რაში მდგომარეობდა მოცემულ შემთხვევაში კომერციული საიდუმლოება. სასამართლომაც ისე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ ასეთი ინტერესი მას არ გამოუჩენია.
კომერციული საიდუმლოების დეფინიცია მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.“
გაუგებარია, ივანიშვილის, ხაინდრავას და გალუაშვილის საჯარო სხდომაზე დაკითხვა, რაც თითქმის ათი წლის წინ ბაჩიაშვილისთვის „ქართუ ბანკის“ სესხის გაცემასთან დაკავშირებულ გარემოებებს უნდა შეხებოდა, როგორ დაარღვევდა „ქართუ ბანკის“ კომერციულ საიდუმლოებას. მითუმეტეს გაუგებარია, ამ ჩვენებების საჯარო მიცემა როგორ დააზიანებდა „ქართუ ბანკის“ „კონკურენტუნარიანობას“ სხვა ბანკებთან მიმართებით.
პრაქტიკულად, ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ პირების დაკითხვის პროცესში სასამართლოს უნდა გამოერკვია, ის იყო, მართლაც არსებობდა სესხის ხელშეკრულების გარდა კიდევ რაღაც საინვესტიციო ხელშეკრულება ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის. მართალია, ივანიშვილიც და სხვებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი ხელშეკრულება არსებობდა, მათი ჩვენების დამაჯერებლობა, სარწმუნოობა და სინამდვილესთან შესაბამისობა დაკითხვის და, განსაკუთრებით, ჯვარედინი დაკითხვის პროცესში უნდა გამოვლენილიყო და სხდომის დახურვით საზოგადოებას და მედიას წაერთვა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ამ პროცესს.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დადგენილი „გამართლებულობის“ და „მკაცრი აუცილებლობის“ კრიტერიუმები. საბოლოო ჯამში, იქმნება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვა სინამდვილეში ემსახურებოდა სხვა მიზანს - რომ საზოგადოებას არ ჰქონოდა შესაძლებლობა სრულყოფილად დაკვირვებოდა პროცესს და შექმნოდა სრული წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია ივანიშვილის თეორია იმის თაობაზე, რომ მას რაიმე საინვესტიციო მონაწილეობა ჰქონდა ბიტკოინების მაინინგში.
ბ) არსებობდა თუ არა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის ლეგიტიმური მიზანი?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, მთლიანობაში აღქმული, უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას, ეფექტურად მონაწილეობდეს სისხლის სამართლის პროცესში. ეს უფლება მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად, არა მხოლოდ მის უფლებას დაესწროს პროცესს, არამედ იმასაც, რომ მოისმინოს და გაანალიზოს მიმდინარე სასამართლო განხილვა. აღნიშნული უფლებები უშუალოდ გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან და ასევე შეიძლება მიღებულ იქნას მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (c), (d) და (e) ქვეპუნქტებიდან, რომლებიც ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას – „თავად დაიცვას თავი“, „დაკითხოს ან დააკითხვინოს მოწმეები“ და „ისარგებლოს უფასო თარჯიმნის დახმარებით“ (Stanford v. the United Kingdom, Application no. 16757/90, 23 February 1994, §26).
ერთ საქმეში, რომელშიც ბრალდებული ვიდეოჩართვის მეშვეობით მონაწილეობდა სასამართლო პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მონაწილეობა სასამართლო პროცესში ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციას, სასამართლოს ევალება უზრუნველყოს, რომ ამ ზომის გამოყენება ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურები სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს შეესაბამებოდეს, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის მე-6 მუხლში (Marcello Viola v. Italy, Application no. 45106/04, 5 October 2006, §67).
მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა ბრალდებულის - გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო პროცესში, არამედ საქმის მთავარი მოწმის - ივანიშვილის დისტანციურ დაკითხვას. ამის მიუხედავად, ზემოთ მითითებული პრინციპი, რომ ვიდეოსაშუალებების გამოყენება ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურები სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, ამ შემთხვევაშიც რელევანტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული, ფიზიკურად გამოცხადდებოდა პროცესზე თუ დისტანციურად ჩართვას ამჯობინებდა. რაც არ უნდა დასაშვები იყოს ცალკეულ შემთხვევებში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოწმის დისტანციურად დაკითხვა, ეფექტურობისა და ეფექტიანობის მხრივ ამგვარი რამ მის პროცესზე ფიზიკურად გამოცხადებასთან და დაკითხვასთან გაიგივებული ვერ იქნება.
შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, თუ რამდენად დასაბუთებული იყო ბრალდების აპელირება და სასამართლოს თანხმობა, რომ ივანიშვილი, ასაკის და უსაფრთხოების მოსაზრებით სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა.
რაც შეეხება ასაკს, ივანიშვილი 2025 წლის 18 თებერვალს 69 წლის ხდება. ასაკი, რა თქმა უნდა, სოლიდურია, მაგრამ არც იმდენად ხანდაზმული, რომ სასამართლოში არგამოცხადების საფუძველს იძლეოდეს. ამასთან, ივანიშვილი სავსებით ენერგიულად გამოიყურება, მას არც გადაადგილება უჭირს და არც გარეშე ფაქტორებზე ადექვატურად და სწრაფად რეაგირება. უსაფრთხოების ფაქტორზე პროკურატურის მითითება ასევე სრულ გაუგებრობას იწვევს, რადგან საუბარია ადამიანზე, რომელსაც ემორჩილება მთელი სახელმწიფო მანქანა, სამართალდამცავი სტრუქტურების ჩათვლით, რომელიც მთელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში სიტყვით გამოდიოდა ღია სივრცეებში გამართულ მასობრივ საარჩევნო მიტინგებზე, სადაც მის უსაფრთხოებას პოტენციურად ყველაზე მეტი საფრთხე შეიძლებოდა დამუქრებოდა. დახურულ სასამართლო სივრცეში, სადაც ყოველი ადამიანის შესვლა, მათ შორის მეტალოდეტექტორის და სკანერის მეშვეობით, ისედაც რუტინულად კონტროლდება დაცვის სამსახურის მიერ, სრულიად წარმოუდგენელია, რა საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა საქართველოს დე-ფაქტო მმართველის დახურულ პროცესზე გამოსვლას.
ზემოთმულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულ ლეგიტიმურ მიზანს და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.
9. ივანიშვილი - მიტაცებული სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი
ყველასათვის ცნობილი და აღირებული ფაქტია, რომ ივანიშვილი საქართველოს დე ფაქტო მმართველია, რომელსაც მიტაცებული აქვს ყველა სახელისუფლო ინსტიტუტი და, რომელზეც ერთპიროვნულ კონტროლს ახორციელებს. 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაადო ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს – მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული. შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.“
დასკვნა
მთლიანობაში, როგორც ზემოთ აღწერილი საქმის არსებითი გარემოებები ცხადყოფს, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს. ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო.
