ცილისწამების სარჩელები - დამატებითი ბერკეტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ცილისწამების სარჩელები - დამატებითი ბერკეტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

28 მარტი, 2022

კრიტიკული მედიის საქმიანობა საქართველოში ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ბოლო წლებში  არაერთი ნეგატიური მოვლენა თუ ტენდენცია ვიხილეთ: სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული ტელევიზიების მფლობელობის ცვლილება, ჟურნალისტებზე ზეწოლის და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, მედიის მფლობელების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული ორკესტრირებული კამპანიები, რომელშიც პოლიტიკური ლიდერებიც აქტიურად არიან ჩართულები. 

ამჯერად კი გვინდა შევეხოთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ახალ ტენდენციას, რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადების გამო შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მაღალ რაოდენობას ეხება.  ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის  „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების  დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. 

დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, სადაც კანონში არსებული ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის. ასევე, საშიშია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი უშუალოდ ჟურნალისტს უჩივის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი პირადი ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვს. 

პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვის კუთხით მედიის საქმიანობის შეფასება თვითრეგულირების ფარგლებშიცაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, სასამართლოს გზას მიმართავენ აქტიურად. 

 

სასამართლო სარჩელები - ზეწოლის მექანიზმი 

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შესაძლო ცილისმწამებლური განცხადების გამო სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კრიტიკული ტელევიზიების „მთავარი არხის“, ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წარმომადგენელთა წინააღმდეგ 28 სარჩელია წარდგენილი, აქედან უმეტესობა 2021 წელს.

მოსარჩელეების უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები თუ მათთან დაახლოებული ადამიანები არიან. 

მაგალითად, „მთავარი არხის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები ნათლად აჩვენებს მომჩივნების კოორდინირებულ მოქმედებას. კერძოდ, 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის 13 იანვრამდე დროის მონაკვეთში მმართველი პარტიის 11-მა მერმა „მთავარ არხზე“ გასული მასალის გამო სასამართლოს ცალკ-ცალკე მიმართა. თერთმეტივემ, პატივისა და ღირსების შელახვის შედეგად მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, იდენტური თანხა 55 555 ათასი ლარი მოითხოვა.

 

 

მედიის წინააღმდეგ მომჩივნებს შორის არიან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“), აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ა.შ.

მედიის წინააღმდეგ სასამართლოში მიმართვის პრაქტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც არსებობს. ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მისი კანონიერი ინტერესები დაარღვია, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობითაც. თუმცა, მთავარ პრობლემას აქ ის წარმოადგენს, რომ ისეთ საკითხებში ან კონკრეტულ სასამართლო საქმეებში, სადაც არსებობს მმართველი პარტიის ინტერესი, სასამართლო სისტემა სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იხრება და ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.  შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლოში მსგავსი საქმეები მიუკერძოებლად არ განიხილება და სასამართლო ხელისუფლებისთვის სასურველ განაჩენს გამოიტანს. ხელისუფლების მთავარ მიზანს კი, როგორც ჩანს, სწორედ კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა, მისთვის ხელის შეშლა ან საერთოდ, გაჩერება წარმოადგენს. 

 

მტკიცების ტვირთის ჟურნალისტზე გადატანის მცდელობა

ცილისწამების საქმეების უმეტესობაზე სასამართლო გადაწყვეტილებები ჯერ არ დამდგარა. 

მიმდინარე საქმეებიდან, აღსანიშნავია  „ტვ პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პოლიციის ინსპექტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ტელევიზიას დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, რომ სადავო სიუჟეტში გასული ინფორმაცია ცილისწამებას წარმოადგენს და  ასევე, დაეკისრა  მორალური ზიანის ანაზღაურება 2 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აღნიშნულ დავაში საგანგაშოა სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება.  კერძოდ, კანონით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. მოსამართლემ კი ამ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი დაუსაბუთებული განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე, ამ შემთხვევაში ტელევიზიაზე გადაიტანა. 

სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები და  არსებული კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული სურვილები, მათ შორის, ხელისუფლების უკმაყოფილება მტკიცების ტვირთის მაღალ სტანდარტთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილებებში აისახება.

 

ჟურნალისტების პირადი ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნა 

საფრთხის შემცველია ახალი ტენდენცია, რომელიც უშუალოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული. ბიზნესმენმა ნუგზარ ალუღიშვილმა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძესა და გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილს სასამართლოში უჩივლა ტელევიზიით გასული სიუჟეტის გამო, რომელიც მისი შეფასებით, მისთვის ზიანის მომტანი, სახელის შემლახავი და ცილისმწამებლური იყო. მორალური და რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელე 20 ათას ლარს ითხოვს ჯამში სამივე მოპასუხისგან, კერძოდ,  ნოდარ მელაძის, მაკა ანდრონიკაშვილისა და „ტვ პირველისაგან“. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის  პირადი ანგარიშების დაყადაღება სურს. 

მსგავსი სახის მოთხოვნა ცალსახად არაკანონიერია და  რეალურად ჟურნალისტების დაშინებას ისახავს მიზნად. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი პირდაპირ ადგენს, რომ (მუხლი 6, პუნქტი 2) მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე.

 

კრიტიკული გამოხატვის სტანდარტების ცვლილების საფრთხე

ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია საუბრობენ არსებულ მედია კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე. უფრო მეტიც, ხელისუფლება მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება - მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ან მათთან აფილირებულმა პირებმა ამ კუთხით არაერთი საკანონმდებლო პაკეტი თუ ინიციატივა მოამზადეს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მაგალითად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საფარქვეშ ხელისუფლება კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიაზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტის შემოღებას ცდილობდა. 

გამოხატვის და მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში ჯერ კიდევ 2004 წელს მოხდა. 

კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამყარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი პროგრესული პრეცედენტებითაც. თუმცა, სამწუხაროდ,  საერთო სასამართლოების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები სერიოზულ კითხვებს ბადებს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ, განსაკუთრებით ხელისუფლების ოპონენტების ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. 

 

რეკომენდაციები

მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოკრატიულ სახელმწიფოებში, აკონტროლებს ხელისუფლებას და  საჯარო ინტერესების შემცველ თემებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. მოვუწოდებთ,  ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს საკუთარი გავლენების გამოყენება სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც  მედიის შევიწროებას თუ მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად; 
  • შეაჩეროს კოორდინირებული სარჩელების წარდგენა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელიც არ ემსახურება დაზარალებული პირების უფლებების დაცვას, არამედ, მიმართულია მედიაზე ზეწოლის  მოსახდენად;
  • მნიშვნელოვანია ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა არ გაიზიარონ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს და აუარესებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს;
  • სასამართლო გათავისუფლდეს გარე და შიდა გავლენებისგან. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით დაცვის მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა არ უნდა გააუარესდეს. 

დანართის სახით გთავაზობთ „ტვ პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ შესული სარჩელების ჩამონათვალს. სია ეყრდნობა ტელევიზიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.


print
Media