ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის დანერგვა საქართველოში: ნაბიჯი წინ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის დანერგვა საქართველოში: ნაბიჯი წინ

13 სექტემბერი, 2013

წინამდებარე დოკუმენტის მიზანი საქართველოს მთავრობისათვის ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელევიზიაზე გადასვლის პროცესში შემდგომი ნაბიჯების თაობაზე ინფორმაციისა და რეკომენდაციების წარდგენაა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადა 2015 წლის 17 ივნისია. სამთავრობო ცვლილების შემდეგ ციფრული მაუწყებლობის თემაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე შეხვედრა გამართა და სამუშაო ჯგუფებიც შექმნა, თუმცა აღნიშნულმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. საერთაშორისო ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს დაიცვას ეს ვადა, მიზნის მისაღწევად კი მთავრობამ მეტი ძალისხმევა უნდა გაწიოს და დამატებითი რესურსები გამოყოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ციფრული სამაუწყებლო ქსელის შექმნის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და სწორად მართული. აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარემო. ამასთან, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ციფრული მაუწყებლობის შესახებ და მიიღოს დახმარება ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლის პროცესში, რათა ციფრული ტელევიზიის უპირატესობები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მხარს უჭერს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ზემოთ აღნიშნული მიზნებისკენ იქნება მიმართული.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი უნდა ემსახურებოდეს შემდეგ მიზნებს:

  • პლურალისტული, მრავალფეროვანი, ფინანსურად მდგრადი სამაუწყებლო სექტორის შექმნას, რომელსაც ბაზრის წესები მართავს და არა ხელისუფლება;
  • მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი პაკეტებისა და უფასო არხების მიწოდებას; თითოეულ მოქალაქეს მარტივად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ციფრულ ტელევიზიაზე, მოწყვლადმა ჯგუფებმა კი (როგორებიცაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, პენსიონერები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლება) შესაბიმისი დახმარება უნდა მიიღონ;
  • კონტენტის მწარმოებლებისთვის ბაზარზე შემოსვლის დაბალი ბარიერების დაწესებას და ციფრულ ქსელთან მათი დაშვების არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფას;
  • არსებული ინფრასტრუქტურის ეფექტურ გამოყენებას და ბაზრის მოთამაშეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას;

რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა?

  • ამჟამად სატელევიზიო სიგნალი ანალოგური ტიპისაა და იგი საქართველოს მასშტაბით 36-მდე სატელევიზიო ანძის მეშვეობით ვრცელდება. ანალოგური სიგნალი საქართველოში მალე ციფრული სიგნალით შეიცვლება, რაც სიგნალის გადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებასა და, სავარაუდოდ, ახალი გადამცემი ანძების მშენებლობას გულისხმობს;
  • სატელევიზიო არხები დაჯგუფდება და ისინი მულტიპლექსების (MUX) მეშვეობით DVB-T2 (ციფრული ვიდეო მაუწყებლობა - მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა) სტანდარტით გავრცელდება. მულტიპლექსი ციფრული ინფორმაციის ნაკადია, რომელიც გამოსახულების, ხმისა და სხვა სახის მონაცემის ერთობას წარმოადგენს. ერთი მულტიპლექსის მეშვეობით შესაძლებელია 15 სტანდარტული ან 7 მაღალი გარჩევადობის ხარისხის სატელევიზიო არხის გადაცემა შეიძლება;
  • მულტიპლექსის მართვის ლიცენზია ერთ ან რამდენიმე კომპანიას გადაეცემა. მულტიპლექსის ოპერატორმა კომპანიამ გადამცემი ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით ინვესტიციები უნდა განახორციელოს. ამასთან, იგი უნდა მოელაპარაკოს მაუწყებლებს მულტიპლექსში მათი სიგნალის ჩართვაზე (შესაძლოა, მულტიპლექსის ოპერატორმა ამ მომსახურებისთვის გადასახადი დააწესოს),  აწარმოოს საინფორმაციო კამპანია და უზრუნველყოს მოსახლეობისთვის დეკოდერების გაცემა. ციფრული ტელევიზია უფასო იქნება (free-to-air), თუმცა მულტიპლექსის ოპერატორებს შეუძლიათ დამატებით ფასიანია არხების პაკეტის შექმნაც (pay-TV);
  •  ყველა ძველი ტელევიზორი სატელევიზიო სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებს. (მათზე, ვინც სატელევიზიო სიგნალს კაბელით ან სატელიტით იღებენ, ან IPTV-თი სარგებლობენ ციფრულ მაუწყებლობაე გადასვლა არ იმოქმედებს.) ძველ ტელევიზორებს კი ციფრული სიგნალის ანლოგურად გარდაქმნისთვის სეტ-ტოპ ბოქსები ესაჭირეობა. ზოგიერთი ახალი ტელევიზორი აღიქვამს DVB-T2 სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ციფრული სიგნალის მისაღებად დეკოდერი არ სჭირდება. ზოგიერთ ოჯახს სიგნალის მისაღებად შესაძლოა ახალი ანტენაც დასჭირდეს. ისინი კი, ვინც ანალოგური სიგნალის გამორთვამდე (2015 წლის 17 ივნისი) არ შეიძენენ სეტ-ტოპ ბოქსებს, ტელევიზორის ყურებას ვეღარ შეძლებენ;
  • ტელევიზიებმა გადამცემი ინფრასტრუქტურა უნდა განაახლონ, რათა შეძლონ ციფრული სიგნალის გადაცემა;
  • რამდენიმე თვის მანძილზე ციფრული და ანალოგური სიგნალი პარალელურად გადაიცემა. ამას სიმულკასტის პერიოდი ეწოდება. ამ პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იქნას, რომ რომ ყველა ოჯახი შეძლებს ციფრული ტელევიზიის ყურებას.
  • ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ სიხშირეები გათავისუფლდება და მათი გამოყენება დამატებითი მულტიპლექსებისთვის ან სხვა მიზნებისთვის გახდება შესაძლებელი.

ციფრული ტელევიზიის უპირატესობა („ციფრული დივიდენდი“)

  • ციფრული ტელევიზია ხმისა და გამოსახულების უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს. ხელმისაწვდომი გახდება მაღალი გარჩევადობის (HD) არხები და ახალი ტიპის სერვისები, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონული პროგრამების კატალოგი (EPG). არხებს შეეძლებათ სუბტიტრების დამატების სერვისიც ჩართონ; ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ინფორმაცია პროგრამებზე, გადაცემების ყურება კი სხვადასხვა ენებზე გახდება შესაძლებელი;
  • მაყურებლებისთვის უფრო მეტი უფასო არხი გახდება ხელმისაწვდომი. ასევე, მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებით ფასიანი არხების პაკეტიც ჩართონ (Pay-TV);
  • სამაუწყებლო სიხშირეები აღარ იქნება შეზღუდული რესურსი. ტელევიზიებისთვის უფრო მარტივი გახდება სატელევიზიო ბაზარზე შესვლა. მათ შეეძლებათ სიგნალის გადაცემის საფასური მულტიპლექსის ოპერატორს გადაუხადონ, რის შედეგადაც სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების საჭიროება შემცირდება.
  • ციფრული ტელევიზია სიხშირეების ეკონომიურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ის სიხშირეები, რომლებიც ახლა მაუწყებლობისთვის გამოიყენება, გათავისუფლდება და მათი სხვა მხრივ გამოყენება გახდება შესაძლებელი. მარეგულირებელ კომისიას შეეძლება გამოაცხადოს აუქციონი 4G/LTE ფართოზოლიანი მობილური კავშირებისთვის, რაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავალია, მეორეს მხრივ კი, ქვეყანაში მაღალსიჩქარიან მობილურ ინტერნეტს განავითარებს.

მთავარი რეკომენდაციები:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა დაასრულოს და გამოაქვეყნოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია, რომელშიც მოცემული იქნება კონკრეტული ვადები და სამოქმედო გეგმა;
  • ეკონომიკის სამინისტრომ და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ერთმანეთთან  უფრო მჭიდროდ უნდა იმუშაონ. ისინი უნდა შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის, აღნიშნულ დოკუმენტში ასახულ თემებთან  მიმართებაში;
  • საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეიმუშაონ ყველა საკანონმდებლო ცვლილება (მაგ., საქართველოს კანონისთვის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ), რომლებიც საჭიროა ე.წ. სილამაზის კონკურსების ჩატარებისათვის (ამ კონკურსის შედეგად მულტიპლექსის ოპერატორები უნდა შეირჩეს); აღნიშნული  შესაბამისი პოლიტიკისა და მარეგულირებელი პრინციპების განსაზღვრასაც გულისხმობს;

○     ამის შემდგომ, კონცულტაციების პროცესის დასაწყებად უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი გახდეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები, რაც დაინტერესებულ მხარეებს და საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებების წარდგენის  საშუალებას მისცემს.

  • ამ პროცესის წარმატებით განსახორციელებლად ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის თანამშრომლების, რესურსებისა და ცოდნა-გამოცდილების მობილიზება;
  • მთავრობაში უნდა შეიქმნას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან შემდგარი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს თანმიმდევრული პროგრესი, შეათანხმოს ფუნქციები და მოვალეობები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის  და დაიწყოს საინფორმაციო კამპანია მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების, მაგ., იმპორტიორებისა და  საცალო ტექნიკით მოვაჭრეების, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თაობაზე ინფორმირებისა და მომზადებისათვის;
  • მაქსიმალურად კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, უმჯობესია, ექვსივე მულტიპლექსის ერთი კომპანიისთვის გადაცემის ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტრომ სამი მულტიპლექსი ერთ კომპანიას გადასცეს, სამი კი მეორეს. სამინისტრომ ორივე კომპანიას უნდა მოსთხოვოს, რომ სამიდან ერთი მულტიპლექსი უფასო არხებისთვის გამოყოს;
  • მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს და დააფინანსოს დიგიტალიზაციის ფონდი, რომლიდანაც თანხები გამოიყოფა დეკოდერების შესაძენად და საინფორმაციო კამპანიის წარმოებისათვის, ასევე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების დასაფინანსებლად. ფონდის თანხების განკარგვა გამჭვირვალე უნდა იყოს. ამჟამად, მთავრობა გეგმავს, რომ დეკოდერებისა და საინფორმაციო კამპანიის ხარჯები მთლიანად კომპანიებმა გასწიონ. ნაცვლად ამისა, უმჯობესია, ხელისუფლებამ მულტიპლექსის ოპერატორებს ფონდში თანამონაწილეობა შესთავაზოს;
  • სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანია დაუყოვნებლივ დაიწყება.   საინფორმაციო კამპანია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუ მას მთლიანად მულტიპლექსის ოპერატორებს მივანდობთ, კამპანიის წამოწყება მხოლოდ მომავალ წელს გახდება შესაძლებელი. მომხმარებლებმა კი ახლავე უნდა შეიტყონ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ იმისათვის, რომ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება - მაგალითად, იფიქრონ ახალი ტელევიზორის შეძენაზე, რომელიც DVB-T2 სტანდარტთან თავსებადი იქნება;
  • მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, ჰქონდეთ წვდომა მრავალფეროვან სატელევიზიო არხებზე. ეს შეიძლება განხორციელდეს მიწისზედა ციფრული ტელევიზიის ან სხვა პლატფორმების მეშვეობით, როგორიცა საკაბელო ტელევიზია, სატელიტი და IPTV. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელისუფლებო სტრუქტურებმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ - წამოიწყონ დროული საინფორმაციო კამპანია, უზრუნველყონ სეტ-ტოპ ბოქსების სუბსიდირება და ტექნიკური კონსულტაციები შესაბამისი ჯგუფებისათვის.

    ---

    პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

Media