ეთიკის ნორმების დარღვევა და რეაგირების მექანიზმები საქართველოს პარლამენტში
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. პარლამენტმა 2019 წლის 22 თებერვალს ეთიკის კოდექსი მიიღო, თუმცა ეთიკის საბჭოს დებულება ამ დრომდე არ არის დამტკიცებული და ეთიკის საბჭო ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, ის ვერ განიხილავს საჩივრებს და დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების დარღვევებს, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ინციდენტი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა.
ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ეთიკის კოდექსის შესახებ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების საჯაროდ გახმაურებულ შემთხვევები, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევას.
ეთიკის საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. ეთიკის საბჭო დეპუტატს მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართავს, პარლამენტის ვებგვერდზე კი ქვეყნდება ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება.
ეთიკის კოდექსის აღსრულების ეფექტური მექანიზმების დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, შეიტანოს საჩივარი კოდექსის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით და საბჭომ წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში.