ეთიკის საბჭო მეათე მოწვევის პარლამენტში ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ეთიკის საბჭო მეათე მოწვევის პარლამენტში ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა

28 დეკემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტმა ვერც 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე შეძლო ეთიკის საბჭოს ამოქმედება. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ წარდგენილია 7 საჩივარი, რომლებიც არ განხილულა, რადგან საბჭო არ არის სრულად დაკომპლექტებული და მისი არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.

პარლამენტმა 2019 წელს ეთიკის კოდექსი მიიღო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა  ამ დრომდე ეთიკის საბჭო ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, ის ვერ განიხილავს საჩივრებს და დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების დარღვევებს.

ეთიკის კოდექზე მუშაობა ჯერ კიდევ მე-9 მოწვევის პარლამენტში ღია მმართველობის საბჭოს ფორმატში დაიწყო. 2021-2022 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ვალდებულებები ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით.  ვალდებულებები არ  შესრულდა.

ძირითადი მიგნებები

მიუხედავად ეთიკის კოდექსის მიღებისა, დოკუმენტი დღემდე ფორმალურად არსებობს. აუცილებელია, მე-10 მოწვევის პარლამენტმა უზრუნველყოს საბჭოს სრული დაკომპლექტება, რაც ქმედითად აქცევს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს.

  • ეთიკის კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ეფექტური მექანიზმების არარსებობა. მიღებული ეთიკის კოდექსი, ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, დეპუტატისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართვის უფლებამოსილებას ითვალისწინებს.
  • ეთიკის საბჭოს ფუნქციონირება არ დაუწყია და საჩივრები არ განხილულა. ამჟამად,  კვლავ არ არის დაკომპლექტებული საბჭოს შემადგენლობა.
  • პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ წარდგენილია 7 საჩივარი, რომლებიც არ განხილულა, რადგან საბჭო არ არის სრულად დაკომპლექტებული და მისი არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.
  • ეთიკის კოდექსს აქვს სანქციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზიც. საკანონმდებლო ორგანომ არ გაიზიარა სამოქალაქო სექტორის რეკომენდაცია და კოდექსში არ არის გათვალისწინებული ეთიკური ნორმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ეფექტური მექანიზმები.

რეკომენდაციები

ეთიკის კოდექსის ეფექტურად ამოქმედებისათვის  მნიშვნელოვანია:

  • პარლამენტმა უზრუნველყოს საბჭოს სრული დაკომპლექტება;
  • ეთიკის კოდექსის ნორმის დარღვევისას გამოსაყენებელი სანქციის სახით, განისაზღვროს ფულადი ჯარიმა, რაც დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
  • იმისათვის, რომ ეთიკის საბჭო იყოს ეფექტური და მიუკერძოებელი და არ გადაიქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, შესაძლოა სხდომაზე მოიწვიონ  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია.  მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობა პარლამენტარის ეთიკის ზედამხედველობაში აპრობირებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც არსებობს ეთიკის საბჭოს ანალოგი “Parliamentary Commissioner”, ხოლო აღნიშნულ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზედამხედველობას უწევს ცალკე მდგომი კომისია “Commitee on Standards”, რომლის წევრთა ნახევარი დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან .[1]

აღნიშნული რეკომენდაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებშიც წარადგინა.

 


[1] საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არაქმედითი დოკუმენტია, 29 დეკემბერი, 2020, https://bit.ly/3hIC3zb