განცხადება სოსო გოგაშვილის დაკავებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება სოსო გოგაშვილის დაკავებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე

29 ივლისი, 2022

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის, დაკავებას  და  შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია. 

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, 2022 წლის 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. სასამართლომ გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გოგაშვილი და მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დაკავებისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და იარაღის ჩადებას. ასევე, საუბრობენ იარაღთან ერთად ელოქტრონული მატარებლებისა და კომპიუტერის ჩადების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გოგაშვილის სახლიდან სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დაანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2018 და 2020 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მიერ, და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო მობილიზებისა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ. ასევე, გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებების მიღების, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის გადაცემაში უსაფრთხოების სასამხურის ჩართულობის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ უმძიმესი დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე.

სასამართლოს - სოსო გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

საფარი

უფლებები საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)