გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევა მოიცავს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას 2018 წლის 29 ივლისიდან - 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში შესწავლილი და შეფასებულია საბჭოს აქტივობა სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრის ხელშეწყობის, კანონმდებლობის გენდერული ანალიზის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობის მიმართულებით.
გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობისას შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:
- საბჭოს აქტიური ჩართულობითა და საბჭოს წევრთა ინიციატივით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა
- საბჭომ გააძლიერა კონტროლის ფუნქცია. შეიქმნა და საქმიანობა განახორციელა თემატური მოკვლევის ორმა ჯგუფმა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილოეობისა და ეკონომიკური გაძლიერებისათვის პროფესიული განათლებაზე ქალთა ხელმისაწვდომობის შესახებ. თემატური მოკვლევის ჯგუფებმა პრობლემების გაანალიზებასთან ერთად, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
არსებული რეგულაციებისა და საბჭოს საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაუმჯობესებას საჭიროებს რამდენიმე მიმართულება, კერძოდ:
- მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად ხორციელდებოდეს
- კომიტეტებმა უნდა განახორციელონ კანონმდებლობის გენდერული გავლენის ანალიზი, როგორც ამას სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს
- საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა. აქტიურად იბარებდეს სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებს, იღებდეს მათგან ინფორმაციას და აკონტროლებდეს გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
- კანონპროექტის განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონპროექტის გენდერული ზეგავლენის შესახებ. გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად უნდა ახორციელებდეს საკანონმდებლო ცვლილებების გენდერული ზეგავლენის ანალიზს .
- კომიტეტების მიერ კანონპროექტებზე განხორციელებული გენდერული ზეგავლენის ანალიზის შესახებ პერიოდული ინფორმაცია პარლამენტის ვებ გვერდზეც უნდა გამოქვეყნდეს
- ბოლო პერიოდში ფემიციდის გახშირებული ფაქტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას. ფემიციდთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ საბჭო უფრო აქტიურად დაინტერესდეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებით და ზედამხედველობის ფარგლებში გადადგას ეფექტური ნაბიჯები, მათ შორის შემუშავდეს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ფემიციდს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური ნორმით დაარეგულირებს.
- საბჭოს სამოქმედო გეგმაში ყველა ინდიკატორთან მიმართებით უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული შესრულების პერიოდი.
- საბჭო რეგულარულად უნდა იღებდეს ინფორმაციას და აანალიზებდეს მუნიციპალიტეტების დონეზე არსებულ გამოწვევებს საკანონმდებლო ცვლილებებსა და სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. საბჭო მეტად უნდა გააქტიურდეს განცხადებების ასევე, სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნების მიმართულებით. განსაკუთრებით, ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური თავდასხმებისა და ონლაინ მუქარის შემთხვევებზე საბჭოს მიერ მნიშვნელოვანია კეთდებოდეს შესაბამისი განცხადებები
- საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა უნდა ფარავდეს მოწყვლადი ჯგუფების და სხვადასხვა უმცირესობის პრობლემებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საბჭომ ასევე იზრუნოს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.