არასამთავრობოთა შეხვედრა საარჩევნო კოდექსის რეფორმის სარედაქციო ჯგუფთან
10 ნოემბერს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით სარედაქციო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სარედაქციო ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე პროცესში ჩართული სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიება „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ - IFES საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების პრეზენტაცია. კერძოდ, პოლიტიკური პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საკითხები; საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც არ ყოფილა პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი; სხვა პრობლემური საკითხები, რომელიც საარჩევნო კოდექსის პროექტის მიღმა რჩება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.
შეხვედრის დროს საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც თითოეულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სარედაქციო ჯგუფში შემავალი მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გარკვეული ნაწილი სარედაქციო ჯგუფის წევრებმაც გაიზიარეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დე-მოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს კონკრეტული თემების ირგვლივ მომავალშიც გამართავენ.