ENG

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი კლინტონს

01 ივნისი, 2012

ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,

პირველ რიგში მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს ქართული სახელმწიფოს მიმართ. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების  გაგრძელების საქმეში.

ქვეყანაში ერთერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისათვის პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წელვანდელი ანგარიშის თანახმად, „მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო.” აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის.  არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო წინადადებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში Must-carry-ს და Must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას.  ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა,  ჟურნალისტთა და ექსპერტთა  დიდი უმრავლესობა. საქართველოს ხელისუფლების  მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე.

მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების  და პლურალისტური მედია გარემოს განვითარების  აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას გამონახავთ საშუალებას გამოხატოთ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

ირაკლი მელაშვილი, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

ლაშა ტუღუში, გაზეთი „რეზონანსი“

elections