„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წითელი ხიდის მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უფლებებს იცავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წითელი ხიდის მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უფლებებს იცავს

18 მაისი, 2012

მიმდინარე წლის 14 მაისს მოგვმართა მოქალაქე ნაირა თოდრიამ და განაცხადა, რომ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინასწარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე განათავსეს სამშენებლო ტექნიკა, მოიყვანეს მუშები და ავტოსადგომის მოსაწყობად ასფალტის საფარის დაგება დაიწყეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების ცენტრის მობილური კლინიკა შემთხვევის ადგილზე გავიდა (იხ. თანდართული ფოტო და ვიდეო მასალა).

შემთხვევის ადგილზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ მიმდინარეობდა ტერიტორიის კეთილმოწყობა, მესაკუთრეები კი მათი საკუთრების სანაცვლოდ მოგვიანებით მიიღებდნენ  კომპენსაციას. სამწუხაროდ მათ ამ მოკლე კომენტარების გაკეთების შემდეგ უმალვე დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.

წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიოტრიაზე მიწის ნაკვეთებს ფლობენ ნაირა თოდრია, ლალი მაჭარაშვილი (მათ თანასაკუთრებაში გააჩნიათ 66 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი) და აზა დევიძე (33 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე). სამივე მოქალაქის საკუთრების უფლება  რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, დაზუსტებულია ფართობები და ამონაწერებს თან ერთვის ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რაც ზუსტად ადგენს მათი საკუთრების ადგილმდებარეობას და საზღვრებს. მესაკუთრეები საკუთარ მიწის ნაკვეთს სავაჭრო მიზნებისთვის იყენებდნენ, თუმცა ამჟამად საპატრულო პოლიცია მათ უკრძალავს საკუთარ მიწაზე ნებისმიერი სავაჭრო ქმედების განხორციელებას. მესაკუთრეები პრაქტიკულად შეზღუდულები არიან სრულფასოვნად მოახდინონ საკუთრების უფლების რეალიზაცია. გარდა ამისა, ისინი ამ ტერიტორიაზე მცირე სავაჭრო ობიექტის აშენებასაც გეგმავდნენ, ამისთვის სათანადო პროექტიც ჰქონდათ მომზადებული.

როგორც მესაკუთრები აცხადებენ, მათ რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ქვემო ქართლის შემოსავლების სამხარეო სამსახურიდან და შესთავაზეს საკუთრების დათმობა მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. მესაკუთრეები, რომლებიც ტერიტორიას ძირითადად სავაჭრო მიზნებისათვის იყენებენ არ დათანხმდნენ შემოთავაზებას, თუმცა სანაცვლოდ შემოსავლების სამსახურს ალტერნატიული წინადადება შესთავაზეს. კერძოდ, ისინი უსასყიდლოდ დათმობდნენ საკუთრებას, თუ ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში მცირე ფართს მიიღებდნენ, თუნდაც ქირის სანაცვლოდ. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამის შემდგომ გახშირდა მესაკუთრეებთან სატელეფონო ზარები და ვიზიტები, რასაც თან ახლდა მუქარა, რომ მოხდებოდა მიწის ნაკვეთების დაკავება  მათი ნებართვის გარეშე. დაზარალებულთა ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურთან ერთად აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მარნეულის საკრებულო და საპატრულო პოლიცია, რომელთა წარმომადგენლებიც მუქარის ქვეშ მოუწოდებდნენ მათ დაეტოვებინათ საკუთრება.

ჩვენი იურისტები შეხვდნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც მყისიერად გამოთქვეს შეხვედრის სურვილი. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ინტერესში არ შედის მესაკუთრეთა უფლებების შელახვა, არც მათ ტერიტორიაზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაო ყოფილა დაგეგმილი. მათი განმარტებით, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა შეცდომას და საგზაო-სამშენებლო კომპანიამ ვერ გაითვალისწინა მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთების საზღვრები. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დაგვპირდნენ უმოკლეს ვადაში საქმის ვითარებაში გარკვევას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ყურდღებით მიადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას. მთელი პროცესის მანძილზე აქტიურად ჩავერთვებით მესაკუთრეთა უფლებების დაცვაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოსაც.