„ტრაქტორების საქმე“ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ტრაქტორების საქმე“ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

22 ივლისი, 2013

2013 წლის 1 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე უწყებების თანამშრომლების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენი დაკვირვებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეში ჩართული ერთ-ერთი მოწმე სამართალდამცველების მხრიდან იმ დროს მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

საქმე ეხება შპს „მექანიზატორისთვის“ ტრაქტორების შეძენის ფაქტს. კომპანიის 100% წილის მესაკუთრეა არასამეწარმეო იურიდიული პირი „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“. შპს „მექანიზატორი“ 2009 წელს  შეიქმნა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია, აღნიშნული ტექნიკით ფერმერების მომსახურება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და სხვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა, რომ ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ უნდა შეემუშავებინა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. ამ მიზნის განხორციელებისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნომენკლატურის და სპეციფიკაციის დამდგენი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში სამუშაო ჯგუფი). სამუშაო ჯგუფმა 2012 წლის დეკემბერში დაადგინა შესაძენი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კრიტერიუმები. 2012 წლის 24 დეკემბერსა და 2013 წლის იანვარს ორი განკარგულებით საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა შესაბამისი ტექნიკის შეძენა. შედეგად შეიქმნა ტექნიკის შესყიდვის კომისია (შემდგომში კომისია).

კომისია 2012 წლის დეკემბრიდან შეუდგა მუშაობას. საბოლოოდ სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კომისიამ გამოაცხადა ტენდერი და მიიღო გადაწყვეტილება ტრაქტორების შეძენის შესახებ. შედეგად შეირჩა ორი ევროპული (Claas და Zetor) და ერთი ამერიკული (New Holland) კომპანია. სწორედ ამ ტენდერის სამართლიანობას და მიზანშეწონილობას განიხილავდა ბრალდება.

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ რვა პირი: შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავა. საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და დაკავებულ პირებს ბრალი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და  ექსპერტებზე ზემოქმედების განხორციელებაში ედებათ. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს „მექანიზატორის" დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს.

ოფიციალური ინფორმაციით მამუკა ივანიძემ  ჩვენება მისცა დაკავებული პირების წინააღმდეგ, შედეგად მის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება 10 000 ლარიანი გირაოთი ჩაანაცვლეს და იგი 2013 წლის 2 ივლისს გაათავისუფლეს.

მამუკა ივანიაძის თქმით, მან ჩვენება პროკურორის, გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. ამის შესახებ განცხადება მამუკა ივანიაძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღნიშნული იძულებით მიცემული ჩვენების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერთიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. დაკავების შემდგომ ბატონმა ივანიაძემ უარი თქვა მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის მომსახურებაზე და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედებაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასზე მომხდარი ზეწოლის შედეგად განახორციელა. ივანიაძე ასევე აცხადებს, რომ მას აიძულებდნენ ყოფილი მინისტრის, ბატონი დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ ე.წ. „ტრაქტორების საქმე“ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს. ორგანიზაციის იურისტებმა შეისწავლეს საქმის მასალების ნაწილი და მიგვაჩნია, რომ პროკურატურის ბრალდება დაუსაბუთებელია. ბრალდებით ვერ დასტურდება ტექნიკური სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის წევრების უკანონო ინტერესები, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელია პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის. ასევე, დაუსაბუთებელია ბრალდების ვარაუდი, რომ საქართველოში მიწის დამუშავებისთვის საკმარისი იქნებოდა კომისიის მიერ დადგენილზე დაბალი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორების შეძენა. გარდა, ამისა მცდარია ბრალდების მიერ ზიანის დათვლა. ამ შემთხვევაში, დაუდგენელია რა მეთოდებით გამოითვალა ბრალდებამ სახელმწიფოსთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ოდენობა. მით უმეტეს, ბრალდების მთავარი მოწმე ზეწოლაზე მიუთითებს, არ ეთანხმება მის მიერ მიცემულ ჩვენებას და აცხადებს, რომ ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის ზეწოლის შედეგად მისცა.

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაცვის მხარის იურისტებმა განუცხადეს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა (რომელიც ტრაქტორების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას აფასებდა) მთელ რიგ უზუსტობებს შეიცავდა და არ შეესაბამებოდა ექსპერტიზის ჩატარებისთვის კანონით დადგენილ წესებს.

2013 წლის 10 ივნისს პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 20 ივნისს დანიშნული სხდომის 60 დღით გადადება. მიზეზად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის სიმრავლე და მათ შესასწავლად საჭირო დროის აუცილებლობა დასახელდა. პროკურორის შეუამდგომლობაში ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი, ვფიქრობთ, იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ისინი ბრალის წაყენებამდე ყოფილიყო გამოკვლეული.

მიმდინარე წლის 12 ივლისს გავრცელდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც ქალბატონი ეკა ბესელია საუბრობს პროკურორ დავითაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილ ათობით საჩივარზე.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეს სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. მნიშვნელოვანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული „ტრაქტორების საქმეში“ არსებულ გარემოებებზე და გამოძიების მიმდინარეობაზე. ეს იყო სახელმწიფოს მიერ ეფექტური ანტიკორუფციული ქმედებები თუ გამოძიების თვითნებობა. ცხადია, რომ რიგითი პროკურორი თვითნებურად ვერ გადაწყვეტდა ზეწოლის გამოყენებას იმ დროს მოქმედი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებების მისაღებად. მნიშვნელოვანია ამ საქმის მიუკერძოებელი და სწრაფი გამოძიება და იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენება რომლებმაც კანონი დაარღვიეს.

print