აჭარის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იცვლება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იცვლება

24 ივლისი, 2013

განახლება: 25 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ დააამტკიცა ცვლილებები 2013 წლის ბიუჯეტში, რითაც დაფინანსება გაეზარდა გოდერძის კურორტს, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს სამმართველოს და ტელე-რადიო დეპარტამენტს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა შორისაა ჯანდაცვის პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების ზრდა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, დაუშვებელია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, ასევე, არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი რეგიონული ბიუჯეტია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტად უნდა ჩაითვალოს, შესაბამისად, ეს რეგულაციები ზემოთ ნახსენებ საბიუჯეტო ცვლილებებსაც ეხება.

მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებისაგან. აქვე აღვნიშნავთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ ეწინააღმდეგება ბიუჯეტის ერთ-ერთ ცვლილებას, რომელიც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დაფინანსებას ეხება, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოწვეულია გამოუვალი მდგომარეობით და მისი გადადება დეპარტამენტის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. გარდა ამისა, ეს ინიციატივა თავისი არსით, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებასთან არ ასოცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო მაინც განახორციელებს საბიუჯეტო ცვლილებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  ხარჯების შესაჩერებლად მიმართავს სასამართლოს.

print
elections