ENG

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების ფაქტი შესწავლას საჭიროებს

30 სექტემბერი, 2014

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი მმართველი შტოს, მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში წერდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 12 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ იმ საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც მასსა და აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პარმენ ჯალაღონიას შორის შედგა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, პარმენ ჯალაღონია მედეა ვასაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დანაბარებს გადასცემს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გათავისუფლებული დირექტორის ლევან ჯინჭარაძის, რომელიც მედეა ვასაძის მაზლია, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების პირობას იძლევა.

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა პარმენ ჯალაღონიას. მას ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბარში, ჯალაღონია განმარტავს, რომ ეს იყო კერძო საუბარი და შეხვედრა შედგა ბათუმში ნინოშვილის ქუჩაზე, ინტურისტთან ახლოს კაფეში. მისი განმარტებით შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ მას და მედეა ვასაძის შორის შედგა და საუბარს სხვა პირი არ ესწრებოდა.

ჩვენთან საუბარში ვასაძე ადასტურებს, რომ დროდადრო მიმართავს პირადი საუბრების ჩაწერის პრაქტიკას, შემდგომში გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. მითუმეტეს, როდესაც შეხვედრის ინიციატივა აჭარის მთავრობიდან მოდის. მისი თქმით, ამ საუბრებს მისი ნდობით აღჭურვილი პირი იწერს. თუმცა, როგორც ვასაძე აღნიშნავს, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ჯალაღონიასთან მისი საუბრის ჩანაწერი გაკეთდა.

რადგან, მედეა ვასაძის განცხადებით, აუდიოჩაწერას ის თავად არ ახორციელებს, ჯალაღონია კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ მედეა ვასაძესთან ერთად იმყოფებოდა, გარემოებები დამატებით შესწავლას საჭიროებს, რადგან შესაძლოა, სახეზე იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების ხელყოფა.

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობას შორის დაპირისპირება კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა, როდესაც 18 სექტემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. სხდომაზე მედეა ვასაძემ ბალაძე კორუფციაში დაადანაშაულა, რასაც მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ერთ-ერთი მიზეზი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული მდგომარეობა იყო.

მიგვაჩნია, რომ აჭარის მთავრობა არ უნდა ცდილობდეს უმაღლეს საბჭოსთან არსებული კონფლიქტის კანონის გვერდის ავლით, ცალკეულ პირებთან დადებული გარიგებების მეშვეობით მოგვარებას. აღმაშფოთებელია, ასევე, მედეა ვასაძის მიერ კერძო საუბრის გავრცელების ფაქტი. დღეს არსებული ვითარება აჭარის ხელისუფლებაში არსებული ორი ჯგუფის აშკარა დაპირისპირების გამოვლინებაა. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება მაღალი თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოების ნდობაზე და საფრთხეს უქმნის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას.