აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის პროკურატურაში დაბარება კითხვებს აჩენს
12 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ბარამიძე პროკურატურაში დაიბარეს, რაც პარტიის აჭარის ორგანიზაციამ საბჭოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა. როგორც ცნობილია, თებერვლის დასაწყისში აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი დააყენა.
როგორც პროკურატურის მიერ ირაკლი ბარამიძისთვის გაგზავნილ უწყებაში არის აღნიშნული, მისი დაკითხვაზე დაბარება შეეხება 2011 წელს ქედის მუნიციპალიტეტში მისი გამგებლად მუშაობის პერიოდში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს, რომელიც ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობას ითვალისწინებდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გულები ო.დ.“ სამუშაო 84 667 ლარად შეასრულა.
დაკითხვის შემდეგ, დეპუტატმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მისი გამოძახება 2011 წლის ტენდერს უკავშირდებოდა, პროკურორი მას შეკითხვებს სხვა თემებთან დაკავშირებითაც უსვამდა. კითხვები შეეხებოდა მისი გამგებლობის დროს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულ საწვავის ხარჯებს, საკადრო პოლიტიკას, გაცემულ ხელფასებსა და პრემიებს და სხვა საკითხებს. ბარამიძის თქმით, პროკურორმა მას შეატყობინა, რომ შესაძლოა, მის წინააღმდეგ ქედის გამგეობის მოქმედი თანამშრომლების ჩვენებებიც გამოიყენონ. ამ გარემოებებს ბარამიძე ზეწოლად აფასებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები თანაპარტიელის მოსაზრებას იზიარებენ და პროკურატურის გააქტიურებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხის ინიცირებას უკავშირებენ.
მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა „თავისუფალი დემოკრატების“ ორმა წევრმა და მედეა ვასაძემ დატოვეს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძისა და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების პროცედურა დაიწყო. თავმჯდომარის გადასაყენებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც საბჭოში 8 დეპუტატი წარმოადგენს, დამატებით 3 ხმა სჭირდება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე დარწმუნებულია, რომ საკითხის ინიციატორები 11 ხმის მოგროვებას უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ხარჯზე შეძლებენ.
ყოველივე ამის ფონზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ 4 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიების დაწყება და სხვა სავარაუდო დარღვევების ჩადენის შესახებ მინიშნებები ეჭვებს აჩენს ამ პროცესის პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველო“ მტკიცედ მიიჩნევს, რომ ყველა კანონდარღვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა უპასუხოს ყველა შეკითხვას, რაც მათი წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიმართ ზეწოლას უკავშირდება. ამ მიზნით, აუცილებელია, შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს, შედეგები კი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.