ENG

განცხადება აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე

18 მარტი, 2014

დღეს, 2014 წლის 18 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება სსიპ „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს „აგრომეტის“, აგრარული უნივერსიტეტის შვილობილი ორგანიზაციის, კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს „აგრომეტის“ 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, შპს „აგრომეტის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა. პროკურატურის ინფორმაციით, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული  59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად). ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც.

აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება 2013 წლის მარტში დაიწყო, როდესაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ჩვენი ორგანიზაცია განცხადებით გამოეხმაურა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას მაშინ სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, სახელმწიფო უწყებამ პოზიცია შეცვალა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინა. დღეის მდგომარეობით, აგრარულ უნივერსიტეტში ორი ათასი სტუდენტი სწავლობს და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზაც გააჩნია.

კახა ბენდუქიძის ორგანიზაციას „საქართველოს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი“ 2011 წელს მართვის უფლებით გადაეცა, ხოლო 2012 წელს 5 მილიონ აშშ დოლარად (დაახლოებით 9 მილიონი ლარი) მისი პრივატიზება მოახდინა. საპრივატიზაციო პირობებით დადგინდა, რომ დაწესებულებას საგანმანათლებლო პროფილი სულ მცირე 8 წლით შეუნარჩუნდებოდა და, ამასთანავე, 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელებოდა.

აგრარული უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2012 წლიდან 2014 წლის იანვრამდე უნივერსიტეტმა შემდეგი ინვესტიციები განახორციელა:

  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კამპუსის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება – 13 მილიონი ლარი;
  • სამეცნიერო კვლევების გრანტები და უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები – 5 მილიონი ლარი.

2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა სიმბოლურ თანხად სახელმწიფოს მიერ კერძო პირებზე გაცემული ქონების შესახებ. ინფორმაციის შესწავლისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ინვესტორები, რომლებმაც სახელმწიფო ქონება რიგ შემთხვევებში 1 ლარად მიიღეს, საინვესტიციო ვალდებულებებს არ ასრულებდნენ. სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ამგვარი შემთხვევა სათანადოდ არ შეუსწავლია. როგორც ჩანს, მხოლოდ კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებული პრივატიზება იქნა შესწავლილი და საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნაც კი  მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე დაიწყო.

იმ პირობებში, როდესაც სახეზეა უამრავი პირი, ვინც სახელმწიფო ქონება სიმბოლურ თანხად მიიღო და არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია, განსაკუთრებით საყურადღებოა აგრარული უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიება. ამასთანავე, საქმის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ კახა ბენდუქიძე გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აგრარული უნივერსიტეტის საქმე გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. აუცილებელია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე და არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გამოძიება პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებს. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, განუხრელად დაიცვას კანონი და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება ყველა პირის მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებისა თუ სტატუსის მიუხედავად და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ინვესტორების კანონიერი ინტერესების დაცვა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, საკითხის მაღალი აქტუალობიდან გამომდინარე, ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესს.