აქცია ახალდანიშნული გუბერნატორის წინააღმდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აქცია ახალდანიშნული გუბერნატორის წინააღმდეგ

17 იანვარი, 2013

 

დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ პრეზიდენტის მიერ მხარის გუბერნატორად თენგიზ გუნავას დანიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“, ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრები და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

აქციის ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები ზუგდიდისა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორიული ორგანოებიდან ჩამოიყვანეს, რასაც ადასტურებდა აქციის გამართვის ადგილთან ათეულობით სამარშრუტო ტაქსის გაჩერება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა გაერკვია, თუ ვინ დაფარა აქტივისტების ტრანსპორტირების ხარჯები. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თანხა თავად გადაიხადეს, თუმცა კოორდინატორები, რომლებიც აღნუსხავდნენ სამარშრუტო ტაქსების სახელმწიფო ნომრებს, ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეულობით მოქალაქის ჩამოყვანაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და სხვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები მიიღებდნენ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის 26 ნომერში მდებარე სახლში რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა. მას „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგენ სართანიას დედა, ამავდროულად ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრი ლალი ანთია ხელმძღვანელობდნენ, შეხვედრას კი მუნიციპალიტეტების გამგებლები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები ესწრებოდნენ. ეს ინფორმაცია გამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა.

გუშინ ქალაქში მოძრაობდა მსუბუქი ავტომანქანაც, საიდანაც ახალგაზრდები ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ ამ შეხვედრაზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს 50-50 მოქალაქის მოყვანა დაავალეს და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები უკვე საჯარო სამსახურში მყოფი პირები, რომლებიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები არიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქციასთან კავშირი უარყვეს. მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ განმარტა, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია უკვე საჯარო მოხელეა და პარტიული აქტიურობისთვის დრო არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი შეიძლება ჰქონდეს. ცნობისთვის, ედიშერ თოლორაია ამ დრომდე რჩება კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავად ედიშერ თოლორაიამ განუცხადა.

კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატები“ აქციას გაემიჯნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გია ალასანიამ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა უთხრა, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან აქციასთან დაკავშირებით არავითარი მითითება არ მიუღიათ და შესაბამისად, არც დასწრებიან საპროტესტო აქციას.

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი კახა მიქაია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამგებლებს და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს ხალხის შეკრება დაავალა. რაც შეეხება „ქალების მშვიდობისათვის“ წევრს, ლალი ანთიაც უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ცნობისათვის, 15 იანვარს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს დეპუტატ აკაკი ბობოხიძისთვის კვერცხის სროლის გამო ლალი ანთია პოლიციამ დააკავა, სასამართლომ კი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლებს, არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსების რაიმე სახით გამოყენება აქციის მონაწილეთა მობილიზება-ტრანსპორტირებისთვის თუ სხვა პარტიული ღონისძიებებისთვის, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ქართული კანონმდებლობით აკრძალულია.