არასამთავრობო ორგანიზაციები ახალაიას გადადგომას ეხმაურებიან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალაიას გადადგომას ეხმაურებიან

21 სექტემბერი, 2012

 

უკანასკნელი დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდნენ თანამდებობა დაეტოვებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს.

აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ გუშინ, 20 სექტემბერს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგანაც მან მორალური პასუხისმგებლობა იგრძნო მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა მისი მორალური პასუხისმგებლობის დაყენება არ იქნება საკმარისი. საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით, რადგანაც როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩოა ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა ვერ იქნება საკმარისი და პროპორციული ღონისძიება.

ამასთან, ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს არასამთავრობო ორგანიზიების მოთხოვნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგანაც თანამდებობებზე კვლავაც რჩებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებიც წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე ტოვებდნენ საბყრობილოებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რომელთაც უშუალო გავლენა შეუძლიათ მოახდინონ გამოძიების პროცესზე. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში, ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო.