არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს

03 ივნისი, 2013

2013 წლის 3 ივნისი, თბილისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის საკუთარი კანდიდატები წარადგინეს:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები: დავით კერესელიძე („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“), ზურაბ ძლიერიშვილი („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) და კახა წიქარიშვილი („კონსტიტუციის 42-ე მუხლი“).
  • საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი: გიორგი გიორგაძე („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“).

კანდიდატების ბიოგრაფიები:

დავით კერესელიძე

დავით კერესელიძე 1975 წლის 20 თებერვალს დაიბადა. 1996 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-1997 წლებში სწავლა განაგრძო ზაარლანდის უნივერსიტეტში გერმანიაში, სადაც მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.  1998 წელს ბატონი დავითი გახდა ზაარლანდის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2004 წელს წარჩინებით დაასრულა დოქტორანტურის პროგრამა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ბატონი დავითი 2001 წლიდან არის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის პროფესორი. ის ასევე გახლდათ ქართულ-ევროპული პოლიტიკისა და იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე.

2005-2008 წლებში დავით კერესელიძე იყო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 2009-2010 წლებში კი აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2010-2011 წლებში ბატონი დავითი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად.

დავით კერესელიძე 2011 წლიდან გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორთა კრების კონსულტანტი უნივერსიტეტის მართვის მიმართულებით.

„საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმებში და სამართლის მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანისათვის“ დავით კერესელიძე დაჯილდოვდა საქართველოს უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის წოდებით 2010 წელს.

 

ზურაბ ძლიერიშვილი 

ზურაბ ძლიერიშვილი 1973 წელის 25 მაისს დაიბადა. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1999 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.  

ბატონი ზურაბი 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრია. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

2004-2006 წლებში ზურაბ ძლიერაშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი იყო.

ბატონი ზურაბი არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის,  მათ შორის, 19 წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი.

 

გიორგი გიორგაძე 

გიორგი გიორგაძე  1980 წლის 11 აგვისტოს დაიბადა. 1997-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წლიდან კი ის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია.

2010 წლიდან გიორგი გიორგაძე მუშაობს ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიაში. იგი მისიის სამართლებრივ მრჩეველია.

ბატონი გიორგი 2010 წელს მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში სისხლის სამართლის პროგრამის იურისტად. 2009 წელს კი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი.

2007 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.