„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების კუთვნილი აპარატურის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებულია სტუდია მონიტორის ოფისის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. სტუდია მონიტორი დამოუკიდებელი სტუდიაა, რომელიც ამზადებს სატელევიზიო ჟურნალისტურ გამოძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა არ დაიშუროს აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დანაშაულების დონე ძალიან დაბალია, ამჟამინდელი გარემო კი მეტად პოლიტიზირებული. შესაძლოა მოცემული დანაშაული აღქმული იქნას, საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის დროებით შეჩერებისა და ხელის შეშლის მიზანმიმართულ ქმედებად.
21-22 ივლისის ღამეს სტუდია მონიტორის ოფისიდან მოიპარეს ჟურნალისტების კუთვნილი ტექნიკის დიდი ნაწილი, მათ შორის: 2 კამერა, შტატივები, რამდენიმე ლეპტოპი და 2 სამონტაჟო. ქურდებმა ასევე წაიღეს კამერა ნახმარი ხელჩანთიდან, მაშინ როცა ხელი არ უხლიათ ორი ახალი მაკ კომპიუტერისათვის. სტუდია მონიტორის დირექტორის, ნინო ზურიაშვილის, განცხადებით, მან და მისმა ჟურნალისტებმა დაკარგეს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მასალა, ვიდეო მასალები და დოკუმენტაცია, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ. ზურიაშვილის თქმით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა დანაშაულის ადგილი და დაიწყო გამოძიება.
თავის ჟურნალისტურ გამოძიებებში სტუდია მონიტორი აშუქებს კორუფციის შემთხვევებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და სამართლიანობის თემას, ასევე იძიებს კომპანიების მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებსა და ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი რანგის ოფიციალური პირების საქმიანობას. სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებები გადაიცემა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში და ხელმისაწვდომია ონლაინ: www.monitori.ge
