100 საწარმო: ერთად გადავამოწმოთ ხელისუფლების მხარდაჭერილი პროექტები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

100 საწარმო: ერთად გადავამოწმოთ ხელისუფლების მხარდაჭერილი პროექტები

01 აპრილი, 2015

 

2013 წლიდან, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროექტებს: „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევენ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელთა ფარგლებშიც ხელისუფლების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით განახლდა ათეულობით ძველი და გაიხსნა 100 ახალი საწარმო.

2015 წლის 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო. მისი თქმით, გაიხსნა 105 ახალი და გაფართოვდა 580 ძველი საწარმო. მან ასევე განაცხადა, რომ მისი სიტყვების დასადასტურებლად, ჟურნალისტებისთვის 15 აპრილიდან მედიატურები მოეწყობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ოქტომბერში აჭარის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ესტუმრა 25-მდე საწარმოს.

ჩვენ მიერ ადგილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ:

  • სამი საწარმო შენების პროცესში იყო;
  • 81 მათგანი ინდმეწარმე იყო;
  • 8 მათგანი სასათბურე მეურნეობას წარმოადგენდა;
  • შპს „ბათ გლასი“, რომელიც მდებარეობს ბათუმში (ურეხის დასახლებაში), აწარმოებდა სამშენებლო მასალების იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირი ქარხნის დირექტორის მამამ არ დაგვიდასტურა. შენიშვნა: ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური, რომელმაც განგვიმარტა, რომ შპს „ბათ გლასის“ მფლობელობაში ასევე შედის სასათბურე მეურნეობა, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.

ფოტოსურათები და ინფორმაცია ჩვენ მიერ გადამოწმებული საწარმოების შესახებ შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ რუკაზე იხილოთ.

 

როგორ შეგიძლიათ საწარმოების გადამოწმება თქვენ

შემოგვიერთდეთ, თუ გაქვთ სურვილი, წვლილი შეიტანოთ ხელისუფლების განცხადებების გადამოწმებაში. ამისათვის საჭიროა მიჰყვეთ ამ მარტივ გეგმას:

  1. დაათვალიერეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა, სადაც შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე საწარმოები დატანილი და შეარჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე არსებული საწარმოები.
  2. შერჩეული საწარმოები მოძებნეთ სიაში, სადაც მოცემულია ჩვენ მიერ რუკაზე მოძებნილი საწარმოები, მისამართების მითითებით.
  3. ესტუმრეთ შერჩეულ საწარმოს, გადაუღეთ ფოტოსურათი და გამოკითხეთ მისი მფლობელი სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების თაობაზე.
  4. ფოტოსურათები და/ან ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ელფოსტით (info@transparency.ge) ან Facebook-ზე, რომელსაც ქვემოთ მოცემულ რუკაზე დავიტანთ.

შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: (032) 292 14 03, info@transparency.ge

_______________________________

1 ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური და განგვიმარტა, რომ ჩვენ მიერ ნახსენები წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში მოქმედი ი/მ მამუკა ვაჩიბერაძე მართლაც არ არის შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარი და ის ი/მ მამუკა ვაჩიბერაძე, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს, წყალტუბოს სოფელ პატრიკეთში საქმიანობს. 

print