კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ

30 ოქტომბერი, 2014

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც პრემიერმა უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ე.წ. „ორგასაღებიან სისტემასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს.“

პრემიერმინისტრის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გასაღები სწორედაც რომ მობილური ოპერატორების ხელშია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მაგალითად, საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლება ზიანს აყენებს საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იმით, რომ ამ ქვეყნებში გასაღები საკომუნიკაციო კომპანიების ხელშია.

გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანა ასევე იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ მოწვეული ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციაც. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ჯოზეფ კანატაჩიმ და გრეჰემ სატონმა თავის დასკვნაში მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს: „გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს  ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრონულ კომუნიკაციაზე ოპერატორისთვის შეტყობინებისა და მათ მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე. კიდევ ერთმა ექსპერტმა, ჰანს-იორგ ალბრეხტმა განაცხადა: „რთულად გასაგებია, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ უშიშროებისა თუ სამართალდამცავ ორგანოებს დამოუკიდებელი და მუდმივი წვდომა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ მონაცემზე ან ელექტრონული კომუნიკაციის პროცესზე. ელექტრონული კომუნიკაციის ამგვარად ორგანიზებული მიყურადება და თვალთვალი  შესაძლებელს ხდის მის ბოროტად გამოყენებას...

ვინაიდან საქართველოს მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გასაღების მობილური ოპერატორებისათვის გადაცემას, კომპრომისის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს მხარდაჭერა ე.წ. „ორი გასაღების სისტემის მიმართ. რადგან ხელისუფლება საფრთხეს ხედავს გასაღების მობილური ოპერატორებისათვის გადაცემაში, შემუშავებული იქნა წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე გასაღები გადაცემოდა სასამართლოს, სადაც არ არსებობს მსგავსი ტიპის რისკები ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებით. ორი გასაღების არსებობის შემთხვევაში, საუბრის ჩაწერა შესაძლებელი გახდება მაშინ, თუკი შსს-ს სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსთან ერთდროულად დაუშვებს როგორც მობილური ოპერატორი, ისე სასამართლო. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს კომპრომისული წინადადებაც მიუღებელი აღმოჩნდა მთავრობისათვის.     

თავისი პოზიციის გასამყარებლად პრემიერმინისტრი ასევე აცხადებს იმას, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სასამართლოში შედის მკაცრად დასაბუთებული შუამდგომლობები, ამის მიუხედავად, სასამართლოები არ გასცემენ ნებართვას. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, თუკი სასამართლოები მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვას არ გასცემენ, მაშინ რა მნიშვნელობა გააჩნია გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას? ნიშნავს თუ არა პრემიერმინისტრის განცხადება იმას, რომ სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც იყენებს მის ხელთ არსებულ გასაღებს და ამით უკანონოდ იწერს მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს?  

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, გაითვალისწინოს ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობიან ევროპაში უკვე დიდი ხნით არსებულ პრაქტიკას და გასაღები გატანილ იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გადაავადოს გასაღებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხი 2015 წლის 1 აპრილამდე.