კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლის განცხადებას პასუხობენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლის განცხადებას პასუხობენ

11 აპრილი, 2014

„ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ კამპანიაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებებს, სადაც ღია მხარდაჭერაა გამოხატული ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. ასევე, კამპანიის მონაწილეები მადლობას უხდიან პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც კანონპროექტის შექმნის და დახვეწის პროცესში მონაწილეობდნენ,  ან მხარი დაუჭირეს  ამ ინიციატივას. 

იმავდროულად, კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, ლევან ღირსიაშვილის მედიით გაკეთებულ განცხადებებს. ბატონი ლევანის განმარტებით: პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, იგივე საიდუმლო მონაცემების დაცვასთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოების უსაფრთხოების მხრივ. ასევე შეიცავს ხარვეზებს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის აღკვეთის კუთხით.“

სამწუხაროდ, ბატონი ლევან ღირსიაშვილი არ განმარტავს კანონპროექტის რომელი ნორმა უშლის ხელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, დანაშაულის პრევენციას და მის აღკვეთას, ან კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს ხელშეშლა.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს იმას, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან და დაუახლოვდეს ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, რითაც შეუძლებელი გახდება ან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ადამიანის პირადი კომუნიკაციის თვითნებური ხელყოფის რისკები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკანონმდებლო პაკეტი არაერთმა ევროპელმა ექსპერტმა შეაფასა დადებითად. კანონმდებლობაში მსგავსი ტიპის რეგულაციების არსებობას არავითარი ზიანი არ მიუყენებია არც ერთი ევროპული სახელმწიფოს უსაფრთხოების, დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის ინტერესებისათვის და არც საქართველოს ემუქრება საზიანო შედეგები კანონის მიღების შემთხვევაში.

ბატონი ლევან ღირსიაშვილი ასევე აცხადებს: მათი [ახალი სამუშაო ჯგუფის] მიზანია, საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს იმ ხალხის მოსაზრებები, პოზიციები, რომელთა უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. კამპანია ეს შენ გეხება მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, შეახსენონ ბატონ ღირსიაშვილს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდა 2013 წლის გაზაფხულზე. ამ დროის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტოს - უწყებას, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა - ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები წარედგინა განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღესაც შეუძლიათ საკუთარი კონსტრუქციული წინადადებები წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ მიესალმებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევისაკენ, იმავდროულად, არ გააჭიანურებენ საკანონმდებლო პროცესს.

კამპანიის ეს შენ გეხება მონაწილე ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფო უსაფთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შენიშვნები ფარული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძენს უფრო მეტ კონკრეტიკას და უფრო დასაბუთებული გახდება.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, კიდევ ერთხელ მოუწოდონ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ იმგვარი არაკონსტრუქციული განცხადებებისა და ქმედებებისაგან, რომლებიც ჩიხში შეიყვანს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ერთადერთი რამ, რასაც კანონპროექტი ნამდვილად უქმნის საფრთხეს არის არსებული სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვას.