„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მონაწილეობას იღებს ბრიუსელში გამართულ „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ ღონისძიებაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მონაწილეობას იღებს ბრიუსელში გამართულ „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ ღონისძიებაში

15 მაისი, 2013

ბრიუსელი, 2013 წლის 15 მაისი – დღეს ბრიუსელში Residence Palace-ში იმართება მაღალი დონის შეხვედრა-დიალოგი „საქართველოს პოლიტიკური რეფორმები: გამოწვევები და პერსპექტივები გარდამავალ პერიოდში“. ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, სადაც საქართველოს ასოცირებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის (DCFTA) ხელშეკრულებების საკითხები შეიძლება გადაწყდეს და გაგრძელდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიასა და მმართველობასთან დაკავშირებული რეფორმების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილული დღევანდელ კონფერენციაზე, სადაც ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად ორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არიან წარმოდგენილნი.

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი კონფერენციაზე გარდამავალ პერიოდში ახალი ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებენ, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა გარდამავალი და აღდგენითი მართლმსაჯულება, საჯარო სექტორი არჩევნების შემდეგ, თვალთვალი და პრობლემები პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობაში, მედიაგარემო ახალ რეალობაში და წარადგენენ მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებზე საკუთარ მოსაზრებებს.

ღონისძიება ბრიუსელში დაარსებული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის, „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერაა ორგანიზებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობის ევროკავშირთან სამეკავშირეო ოფისის“ თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ დიალოგში მონაწილეობას იღებენ ქართველი დეპუტატები: საპარლამენტო უმრავლესობიდან ვიქტორ დოლიძე და უმცირესობიდან გიორგი კანდელაკი. სხვა მომხსენებლებს შორის არიან რინოლდ ბრენდერი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, გრაჰამ უილსონი, ევროპული პარლამენტის წევრი და ამანდა პოლი, „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ ანალიტიკოსი.

print