წინასაარჩევნო ინიციატივა: გაიცანით თქვენი კანდიდატები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

წინასაარჩევნო ინიციატივა: გაიცანით თქვენი კანდიდატები

19 სექტემბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შექმნა ახალი ვიკი ვებგვერდი: transparency.ge/candidates, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიტყონ მეტი იმ პოლიტიკოსების შესახებ, რომლებიც 1 ოქტომბერს 73 ოლქში მაჟორიტარის მანდატების მოპოვებას შეეცდებიან.

რადგან საზოგადოებაში პარტიების მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების უკეთ გაცნობის ინტერესი დიდია, ჩვენ ვქმნით დამატებით სივრცეს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ და, ამასთანავე, გაუზიარონ სხვებს ინფორმაცია პრეტენდენტების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ამ ვებგვერდის საშუალებით ხელს შევუწყობთ კონკურენტი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას.

კანდიდატებისთვის ვებგვერდზე შექმნილია ინდივიდუალური გვერდები, რომლებიც დაჯგუფებულია ოლქებისა და რეგიონების მიხედვით. ზოგიერთი პროფილი უკვე შევსებულია იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი. ვიკის ფორმატის გამო, მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე დაამატოს პოლიტიკოსების ბიოგრაფიული მონაცემები, შეიტანოს ცვლილებები, გაამდიდროს პროფილები საინტერესო დეტალებით და შევიდეს დისკუსიაში სხვა მოქალაქეებთან. სწორედ ამ მიზეზის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ იღებს პასუხისმგებლობას ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე. როგორც იდეის ფასილიტატორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იტოვებს უფლებას, წაშალოს არაეთიკური კომენტარები და ინფორმაცია, რომელიც დადასტურდება, როგორც მცდარი.

elections