გამოხმაურება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედურ ანგარიშზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გამოხმაურება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედურ ანგარიშზე

17 ოქტომბერი, 2013

იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ მყოფმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ ოქტომბერში საკუთარი საქმიანობის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მე-3 საკითხად ნახსენებია საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა, რომელიც კომისიას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ კვლევაში ნახსენები საკადრო გადაადგილებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

2 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე ჩვენი ორგანიზაციის წარმოამდგენლის მიერ განიმარტა, რომ ანგარიშში მსგავსი დასკვნა არ გაკეთებულა და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჩნდებოდა ეჭვი, რომ პოლიტიკური ნიშნით შეიძლება მომხდარიყო საკადრო გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, სხდომაზე ჩვენ მიერ ასევე ითქვა, რომ ეს კვლევა არ იყო საპრეზიდენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირში და, შესაბამისად, კომისიის ინტერესის არეალს სცდებოდა, რის შემდეგაც ეს საკითხი წესით დღის წესრიგიდან უნდა მოხსნილიყო. მიუხედავად ამისა, ჩვენი კვლევა მაინც მოხვდა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედურ ანგარიშში და საკმაოდ ნეგატიურადაც არის დახასიათებული. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, გამოვეხმაუროთ უწყებათაშორისი კომისიის კომენტარებს და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

პირველ რიგში, ჩვენთვის გაუეგებარია, რატომ დაინტერესდა უწყებათაშორისი კომისია კვლევაში მოცემული სტატისტიკით და არა იმ ცალკეული შემთხვევებით, სადაც საუბარი იყო შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლებებზე. ლოგიკური იქნებოდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე მოეხდინა კომისიას რეაგირება და არა - ზოგად ციფრებზე, რომლებიც პოლიტიკურ ნიშნით ადამიანებზე ზეწოლასთან პირდაპირ კავშირში არ იყო. სამწუხაროდ, კომისიამ მხოლოდ ციფრების კომენტირება არჩია, თუმცა აქაც აშკარად გაუგებარი მოსაზრებები წარმოადგინა.

კომისიის ანგარიშში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში ხარვეზები ჰქონდა, რადგანაც ორგანიზაციამ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადოდ არ შეისწავლა და სამსახურიდან გათავისუფლებულ და სამსახურში მიღებულ თანამშრომელთა რაოდენობა არასწორად წარმოადგინა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მომართვის შემდეგ მართლაც მოხდა ციფრების მცირე კორექტირება მხოლოდ ერთი უწყების - იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავდაპირველად არასათანადოდ შევისწავლეთ დოკუმენტაცია და შევცდით. პირველადი ციფრებიც ეყრდნობდა ამ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სადაც არ იყო აღნიშნული თუ რამდენმა თანამშრომელმა დატოვა რეალურად სამინისტრო, რამდენი ახალი თანამშრომელი იქნა სამსახურში აყვანილი და რამდენი გადაინიშნა სხვა სამსახურში. ჩვენ შევისწავლეთ სამსახურიდან გათავისუფლებისა და თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები და აღმოვაჩინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე სახელისა და გვარის თანამშრომელი ერთდროულად თავისუფლდებოდა სამსახურიდან და შემდეგ ინიშნებოდა სხვა უწყებაში, თუმცა მათი სრული იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგანაც ბრძანებებში არ იყო მითითებული პირადი ნომრები, მხოლოდ სახელი და გვარი კი ამისთვის საკმარისი არ არის.

უწყებათაშორისი კომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილელებთან დაკავშირებული ციფრები ზუსტი იყო, თუმცა საზოგადოებას აღნიშნული მონაცემები მიეწოდა ისეთი ფორმით, რომ არ იყო გათვალისწინებული შსს-ში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა და რიცხოვნობა, კერძოდ ის, რომ საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მთელი სისტემიდან გათავისუფლებულ მოსამსახურეთა რაოდენობა არ აღემატებოდა 2.3%-ს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თავის დროზე ამ კითხვით მიმართა სამინისტროს, თუმცა, სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ ვერაფრით გვეცოდინებოდა. ასევე საინტერესოა, რომ შსს-მ  ჩვენს წერილზე პასუხი მხოლოდ 5 თვის შემდეგ გაგვცა, მაშინ როდესაც კანონით საჯარო ინფორმაციის გაცემა მაქსიმუმ 10 დღის ვადაში ევალებოდა. გარდა ამისა, დაგვიანებული პასუხი ასევე არასრულყოფილი იყო და ჩვენი 13 კითხვიდან მხოლოდ სამზე მივიღეთ პასუხი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, უხერხულიც კი არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენი კვლევის მიმართ პრეტენზიები აქვს.

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციას ჯერ საჯარო განცხადებით, ხოლო შემდეგ წერილობით მიმართა და მიუთითა იმ უზუსტობებზე, რომელთაც შეიცავდა კვლევა.

ჩვენ ყურადღებით გავეცანით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს და გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი კომენტარების უმეტესობა საერთოდ არ ეხებოდა ჩვენი კვლევის საანგარიშო პერიოდს, კომენტარების მეორე ნაწილი კი გათავისუფლებების შესახებ განმარტებებს შეიცავდა, რომლებიც არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი კვლევის დასკვნებს, შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებრად დარჩა, თუ რაში გამოიხატა უზუსტობა.

შემდეგი გაუგებარი კომენტარი, რასაც უწყებთაშორისი კომისიის შუალედურ ანგარიშში ვხვდებით თავდაცვის სამინიტროს უკავშირდება. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან 352 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა და დაინიშნა 508 (კვლევის მიხედვით, შესაბამისად, 690 და 1116).

ჩვენ მიერ გამოქვყენებული ციფრები ეფუძნება თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რაშიც სამინისტროს წერილის გაცნობაც დაგარწმუნებთ, შესაბამისად, თუ ამ ციფრებში უზუსტობები იყო, ეს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემისას არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს და არა - ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომაზე.

კომისიის ანგარიშში თავდაცვის სამინისტროს მსგავსი პრეტენზიებია გამოთქმული განათლების სამინისტროს მიერაც, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ მიერ წარმოდგენილი ციფრები თავად სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

და ბოლოს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ზოგადად, ყველა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კვლევაში ბევრი უზუსტობა იქნა დაშვებული“. სამწუხაროდ, არ არის მითითებული კონკრეტული პრეტენზიები და უზუსტობები, რომლებსაც თურმე „ყველა სამინისტრო“ აღნიშნავს. მიგვაჩნია, რომ კონკრეტული მაგალითების მოყვანის გარეშე, ასეთი განზოგადებული განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა და მთლიანად ჩვენი კვლევის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ უწყებათაშორის კომისიას, საკუთარი საქმიანობის საბოლოო ანგარიშში ამ კუთხით შეიტანოს შესაბამისი შესწორებები, ამ ნაწილს დაურთოს ჩვენი ორგანიზაციის კომენტარები, ან კიდევ საფუძვლიანად დაასაბუთოს ის მოსაზრებები, რაც შუალედურ ანგარიშშია გამოთქმული.

print
elections